ეპისტოლეთა წიგნი

ეპისტოლეთა წიგნი, კრებული, რ-შიც დაცულია ქრისტიანული დოგმატიკისა და საეკლესიო პრაქტიკის შესახებ სომხური ეკლესიისა და სახელმწიფო მესვეურთა მიმოწერა სხვა ქვეყნების ეკლესიების იერარქებთან V–XIII სს-ში. კრებულმა ჩვენამდე მოაღწია ერთადერთი, 1298 წლით დათარიღებული, ხელნაწერის სახით, რ-ის ტექსტი 1901 დაიბეჭდა თბილისში. ქართველოლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ-ის I ნაწილი (V–VII სს.), რ-იც, სპეციალისტების აზრით, შედგენილი უნდა იყოს VII ს. I ნახევარში (ცურტავის ყოფილი ეპისკოპოსის მოსეს ან კომიტას სომეხთა კათოლიკოსის მიერ) ან კიდევ VIII ს. დამდეგს (კათოლიკოს იოანე ოძუნელის მიერ). იგი შედგება ეპისტოლეთა 3 ჯგუფისაგან: 1. მიმოწერა ბერძნებთან; 2. მიმოწერა ირანის ქვეშევრდომ ქრისტიან ხალხებთან; 3. მიმოწერა სამხრ. კავკ. ქვეყნების ეკლესიათა მეთაურებთან. III ჯგუფის მასალა ძირითადად ასახავს VII ს. დამდეგს ქართველთა და სომეხთა შორის მომხდარ საეკლ. განხეთქილებას. მასში შედის 25 ეპისტოლე, რ-ებიც დაიწერა 605–610 წლებში, მისი ავტორები არიან კირონ ქართლის კათოლიკოსი, აბრაჰამ სომეხთა კათოლიკოსი (აბრაჰამ ალბათანეცი), ვრთანეს ქერდოლი, მოსე ცურტაველი, სმბატ ბაგრატუნი და ცურტავის სომხურენოვანი მრევლი. ამ ჯგუფის ზოგი ეპისტოლე შემოგვინახა რამდენიმე გვიანდელმა ხელნაწერმა, რ-ებიც ინახება ვენაში, ერევანსა და თბილისში. გარდა ამისა, აბრაჰამ სომეხთა კათოლიკოსის III ეპისტოლის დიდი ნაწილი შეტანილია სარწმუნოების ბეჭდის სახელით ცნობილ კრებულში, რ-იც გამოქვეყნებულია 1914 ეჩმიაძინში ერთადერთი XIV ს. ხელნაწერის მიხედვით. ე. წ-ში დაცული მიმოწერა ქართველებსა და სომხებს შორის გარკვეული რედაქციული ცვლილებით შემონახული აქვს აგრეთვე X ს. სომეხ ისტორიკოსს უხტანესს. მანვე ე. წ. შეავსო 2 ნაკლული წერილით (მოსე სომეხთა კათოლიკოსისა და კირონ ქართლის კათოლიკოსის მიმოწერა), რ-თა ქართ. ვარიანტები თბილისში იპოვა და სომხურად ათარგმნინა. მიმოწერის ისტორია ასეთია: 605 ბოლოს ქართლიდან სომხეთში გაიქცა ცურტავის სომეხი ეპისკოპოსი მოსე, რ-იც იძულებული გახდა ჰოვანავანქში შეჩერებულიყო. ვინაიდან მოსე სომეხთა კათოლიკოსი გარდაცვლილი იყო და ჯერ ახ. არჩევნები არ შემდგარიყო, მან წერილით მიმართა სომხეთის კათოლიკოსის ადგილის მცველს ვრთანეს ქერდოლს ქართლის ეკლესიაზე საჩივრით და განაცხადა, რომ ქართლის ეკლესიამ კირონ კათოლიკოსის მეთაურობით უღალატა მართლმადიდებლურ (ან მონოფიზიტურ) სარწმუნოებას, ქალკედონის კრების სიმბოლო აღიარა, რის გამოც მან ხმა აიმაღლა. საპასუხოდ ქართლის ეკლესიის მეთაურებმა დევნა დაუწყეს და ისიც იძულებული გახდა თავი სომხეთისათვის შეეფარებინა. მოსე ცურტაველის შეგონებით ვრთანეს ქერდოლს საჩივრის წიგნი გაუგზავნა ცურტავის სომხურენოვანმა მრევლმა. ვრთანესმა ამ წერილზე სანუგეშო პასუხები გაუგზავნა მრევლს. მანვე ერთი ეპისტოლით მიმართა კირონსა და ქართლის მთავრებს (ადარნასეს, ვაჰანსა და ბუზმირს), ხოლო მეორე საკუთრივ გაუგზავნა პეტრე ეპისკოპოსს, რ-იც ქართლში მონოფიზიტობის დამცველად ეგულებოდა. ვრთანესის წერილმა კირონი განარისხა და ქართველებმა იგი უპასუხოდ დატოვეს. ამასობაში სომხეთში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: სპარსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა გურგენის მარზპანი სმბატ ბაგრატუნი; სომხ. კათოლიკოსად აირჩიეს აბრაჰამ ალბათანეცი. ორივე მათგანი მაშინვე ჩაერთო ქართლის ეკლესიასთან პოლემიკაში. გარდა სარწმუნოების შეცვლისა, სომხები ქართველებს ურჩევდნენ ცურტავში სომხ. მღვდელმსახურების მოშლას. როდესაც კირონ ქართლის კათოლიკოსზე არ გაჭრა აბრაჰამის სამმა წერილმა, სომხ. კათოლიკოსმა 608 ენციკლიკური ეპისტოლით მოუწოდა თავის სამწყსოს, ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა ქართულ და მის მომხრე ალბანურ ეკლესიასთან. VII ს. დამდეგს კავკასიაში მომხდარი საეკლ. განხეთქილების შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან სომხ. წყაროებს შორის ე. წ. ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ოფიც. დოკუმენტების კრებულია. მიუხედავად ამისა, მას მაინც ეტყობა გვიანდ. ხანის რედაქტორებისა და გადამწერთა შემოქმედების კვალი სომხეთში საზ. აზრისა და საეკლ. პოლიტ. ცვლილებებთან დაკავშირებით.

პუბლ.: Գիրք Թղթռց, შփղիუ, 1901; ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით და კომენტარებით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1968.

წყარო და ლიტ.: ალექსიძე ზ., მასალები დვინის 506 წლის საეკლესიო კრების ისტორიისათვის, «მაცნე». ისტ. არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1973, N3; მელიქსეთ-ბეგი ლ., სომხური ეპისტოლეთა წიგნის ახალი ვარიანტი და პეტრე იბერიელის მოწაფე იოანე მაიუმელი, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1941, ტ. 11B; უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1975; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1960 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979); Джавахов И. А., История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века, «Известия Академии наук», VI серия, 1908, №5.

ზ. ალექსიძე