ზიზილა (Bellis),ერთ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ 5–15 სმ-მდე სიმაღლის ერთი ან რამდენიმე ერთკალათიანი, უფოთლო საყვავილე ღერო და ფესვის ყელთან როზეტად თავმოყრილი ნიჩბისებრი ფოთლები. კალათაში განაპირა ყვავილები ენისებრია, ბუტკოიანი, თეთრი ან ვარდისფერი, შიგნითა – მილისებრი ორსქესიანი და ყვითელი. ოლიგოტიპური გვარია. საქართველოში გავრცელებულია მისი მხოლოდ 1 სახეობა – მრავალწლოვანი ზ. (B. perennis). იგი გვხვდება მთელ საქართველოში – ზღვისპირა ზოლში მთის შუა სარტყლამდე და მთისწინებზე, ბაღებში, გზის პირებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. მის ბუთხუზაყვავილებიან ფორმებს დეკორ. მებაღეობაში იყენებენ. საქართველოს გარეთ გავრცელებულია დას. და აღმ. ევროპაში, ბალკანეთში, მცირე აზიაში, ჩრდ. ამერიკასა და აფრიკაში.
ლ. ხინთიბიძე