ზიკიკი (Zichichi) ანტონინო (დ. 15. X. 1929, ტრაპანი, იტალია), იტალიელი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნ. ეროვნ. აკად. უცხოელი წევრი (1996), დოქტორი (1953), ბოლონიის (იტალია) უნ-ტის პროფესორი (1963). მსოფლიოს მრავალი მეცნ. აკად. წევრი, საერთაშ. სამეცნ., კულტ. და საზ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საპატიო წევრი, მსოფლიოს მეცნ. მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი (1989). მუშაობდა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში [ფერმილაბი (აშშ), ცერნი (შვეიცარია) და სხვ.]. 1981 იტალ. მთავრობის მიერ წარდგენილი იყო ცერნის (CERN, ბირთვული გამოკვლევების ევრ. ცენტრი) გენ. დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა არ აირჩიეს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა ელემენტარული ნაწილაკების თვისებებსა და ბუნებაში არსებულ ფუნდამენტურ ძალებზე. მას ეკუთვნის ჰადრონული ურთიერთქმედების პროცესში წარმოქმნილი ლეპტონური წყვილების შესწავლის ახ. მეთოდი, ე. წ. „ეფექტური ენერგიის” მეთოდი ორი სხეულის ურთიერთქმედების შესასწავლად, აგრეთვე იდეა მძიმე ლეპტონის არსებობის შესახებ. შემუშავებული აქვს ექსპერ. მეთოდი ზემოაღნიშნული ლეპტონის აღმოსაჩენად e–e+ ანიჰილაციებში. 1965 ექსპერიმენტატორთა ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით ცერნ-ში მიიღო პირველი ანტიდეიტრონი. ზ-ს შემოთავაზებული აქვს გრიგორიანული კალენდრის დაზუსტების სქემა. არის ღირსების ორდენების კავალერი, წმ. პაპის სილვესტერის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი (ვატიკანი, 1985), მიღებული აქვს სხვა ჯილდოებიც. არის მრავალი ქვეყნის ქალაქის საპატიო მოქალაქე.
თხზ.: L’Infinito, publ. by RizzoliBur, 7 ed., 1994; Scienza ed Emergenze Planetarie, «Il Paradosso dell’ Era Moderna», publ. by Rizzoli, 5 ed., March, 1997; Tra Féde e Scièn za. Da Giovanni Paolo II a Benedetto XVI, il Saggiatóre,
ვ. მირიანაშვილი