ზილჩის გორასამარხი, ძვ. წ. II ათასწლეულის I მეოთხედის არქეოლ. ძეგლი. მდებარეობს ივრის ზეგანზე, ქვემო ქედის დასახლების აღმ-ით ზილჩის ხეობაში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (კ. ფიცხელაური, ზ. მახარაძე) გამოავლინა გორასამარხების ჯგუფი. გათხარეს ქვაყრილიანი გორასამარხი (დიამეტრი 14 მ, სიმაღლე 0,8 მ), რ-იც გარშემო ქვის ლოდებით იყო შემოსაზღვრული. ქვაყრილის ქვეშ გამოვლინდა მართკუთხედის ფორმის, კუთხეებმომრგვალებული, ქვით ამოვსებული სამარხი (ორმოს სიგრძე 3,3 მ, სიგანე – 2 მ), რ-იც გადახურული ყოფილა ხის ძელებით. სამარხი დამხრობილია ჩრდ.-აღმ-კენ. სამარხის სამხრ.-დას. ნაწილში, 2,2 მ სიღრმეზე, აღმოჩნდა მიცვალებულის ძვლები. იგი ესვენა მარჯვ. გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით დას-კენ. მიცვალებულის ყელთან გამოვლინდა მთის ბროლის მძივი, ხელებთან – ბრინჯაოს მახვილი და თიხის სასმისი, ზურგს უკან – მეორე სასმისი. სავარაუდოა, რომ იგი ხის სარეცელზე ესვენა. ჩონჩხის ქვეშ, ორმოს ძირზე აღმოჩნდა თიხის ქილა, მიცვალებულის ფერხთით იყო ბატკნის მთლიანი ჩონჩხი, 2 დერგი (ერთ მათგანში ქოთანი იდო), ცხოველის ძვლები და ძროხის ჩონჩხი თავის ქალის გარეშე. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სარეცლის ქვემოთ იყო მოთავსებული. სამარხში აღმოჩენილი თიხის 2 სასმისი, ქილა, ქოთანი სამზარეულო დანიშნულებისაა, გამოვლენილი 2 დერგი – სამეურნეო დანიშნულების. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის სიღნაღის ისტ.-ეთნ. მუზეუმში.
ლიტ.: Махарадзе З., Курган №1 Долины Зилича, Тб., 1986; Пицхелаури К., Мамаиашвили Н. и др., Кахетская археологическая экспедиция, კრ.: Полевые археологические исследования в 1981 году, Тб., 1984.
რ. რუსიშვილი