ზირბითი

ზირბითი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ბედენის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ბზისწყლის (ალგეთის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1200 მ, თეთრიწყაროდან 42 კმ. 77 მცხ. (2002). ზ. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკებზე დატანილია, როგორც სოფ. ახალშენი, ასევეა მოხსენიებული ქვემო ქართლის სოფლების სიაში. ზ. სოფელს ეწოდა მას შემდეგ, რაც აქ ორბეთის მახლობელ სოფ. ზირბითიდან გადმოსახლდნენ ქართვ. მთიულები. ისტ. საბუთებში იხსენიება XVI ს-იდან როგორც საბარათიანოს სოფელი ახალშენი, ეკუთვნოდათ გერმანოზიშვილებს (XVI ს.), არსებობდა ადრინდ. და შუა საუკუნეებშიც, რასაც მოწმობს აქ შემორჩენილი წმ. გიორგის (VIII–IX სს.) და კვირაცხოვლის (X–XI სს.) ეკლესიები. სოფლის განაპირას, მდინარის პირას, ამართულია გორა, რ-იც წარმოადგენს წინაფეოდალური ხანის საცხოვრისს.

წყარო და ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935.

თ. თოდრია