ზმა, ქართული ლექსთწყობის ტერმინი; სიტყვის ან მათი ნაწილების საგანგებო მიჯრით წარმოქმნილი სხვა სიტყვა, რ-იც გამოხატავს ავტორის შეფარულ აზრს, ჩანაფიქრს. მაგ.: „მაღლით წვიმა მოდიოდა, ნაბადმა ვერ დამფარაო, დამასველა მან თავიდან ფეხებამდე მასხა რაო“. (ა. წერეთელი) აქ ზ-ის მეოხებით მოწინააღმდეგე მხარე შეფარვით თავიდან ფეხებამდე მასხარადაა გამოყვანილი. ზ. ქართ. პოეზიაში მიღებული იყო სალაღობოდ, საპაექროდ, შემდგომ – ცენზურის თვალის ასახვევად. ზ-ს ხშირად მიმართავდნენ იოანე შავთელი, ჩახრუხაძე, თეიმურაზ II, დ. გურამიშვილი, ბესიკი, დავით რექტორი, ა. წერეთელი და სხვ. რ. ერისთავს ჟურნ. „თეატრში” (1887, №6–7, გვ. 19–23) გამოქვეყნებული აქვს ამ ტერმინისადმი მიძღვნილი საგანგებო წერილი – „ზმა”.
გ. მიქაძე