ზნაკვა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ზნაკურის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., მოტყიარი, საკეცია). ზ. დ. 800 მ, ამბროლაურიდან 11 კმ. 212 მცხ. (2002).
წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება „ნიკორწმინდის დაწერილში” (1071–80). ზ. XVII–XVIII სს-ში რაჭის საწულუკიძეოს შემადგენლობაშია. შემორჩენილია წულუკიძეთა ფეოდ. ხანის ციხე-დარბაზი. ზ. XI–XV სს-ში ცალკე სოფელი იყო (ზნაკვის აგარა, იგივე ქვედა აგარა). XVII–XVIII სს-ში ციხის უბანს ნააგარევი ეწოდებოდა. ამიტომ, ზნაკვის ციხე ნააგარევის ციხის სახელითაც მოიხსენიებოდა. გორაკზე, ციხე-დარბაზის მახლობლად, მიკვლეულია ადრინდ. ანტ. ხანის კერამ. ფრაგმენტები.
ე. ტაბუცაძე
თ. ბერაძე