ეპიტაშვილი თენგიზ ვასილის ძე (30. VIII. 1935, თბილისი, – 28. III. 2003, იქვე), გენერალ-მაიორი (1995), სამხ. მეცნ. კანდიდატი (1977). 1957 დაამთავრა თბილ. სამხ. სასწავლებელი, 1974 – მოსკოვის მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია. 1957–72 მსახურობდა ამიერკავკ. სასაზღვრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1978–83 იმყოფებოდა ავღანეთში საბჭ. მთავრობის სპეცდავალების შესასრულებლად (პოლკოვნიკი). 1988–93 იყო საქართვ. რესპ. შს მინისტრის მოადგილე, იმავდროულად – სახელმწ. საბჭოს რწმუნებული შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის კომენდანტი, 1993–97 – საქართვ. სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი, სახელმწ. საზღვრის დაცვის დეპარტ. თავ-რის პირველი მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1996), სხვა ორდენებითა და მედლებით.
ლ. დოლიძე