ეპიფანე

ეპიფანე, ეტიფანე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1210–20 წლებში. 1218 მისივე შედგენილი ანისის ხუცესთა სარგოს განწესების წიგნი და თვით ანისის ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის წარწერა გვამცნობს, რომ ე-მ პირადად მოიარა და აკურთხა ანისის ეკლესიები; მოაწესრიგა ანელ სას. პირებსა და ანისის მართლმადიდებელ მრევლს შორის დაწყებული დავა, რ-იც წარმოიშვა საეკლ. საიდუმლოებათა (ნათლისღება, ჯვრისწერა) აღსრულებისათვის დაწესებული გადიდებული გადასახადის გამო. პატრიარქმა დაგმო ანელ ხუცესთა საქციელი და შეამცირა გადასახდელის ოდენობა. ახ. ნიხრი რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ანისის მართლმადიდებელი ეკლესიის კედელზე სათანადო ბრძანება ამოაკვეთინა (იხ. ანისის ქართული წარწერა 1218). მასვე დაუკვეთია და სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ძვირფასი ქვებით შემკული სახარება, რ-ის ყდაზე გამოხატულია თვით პატრიარქი ე., თანმხლებ წარწერაზე კი მოხსენიებულია მისი ღვაწლი.

წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; Марр Н. Я., Надпись Епифания, католикоса Грузии, «Известия Императорской Академии наук», 1910, №17.