ეპიფანე კვიპრელი

ეპიფანე კვიპრელი, კვიპროსელი (Epiphanios ho Kyprios) (315–403), კუნძულ კვიპროსის ქ. კონსტანციის (ძველად – სალამინი) ეპისკოპოსი (376-იდან). ორთოდოქსული ქრისტიანობის თავგამოდებული, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიული მიმდევარი. მისი მოღვაწეობა მიზნად ისახავდა „ყოველგვარ მწვალებლურ" მიმდინარეობასა და იუდეურ სექტებთან ბრძოლას. ე. კ-ის ნაწარმოები „პანარიონი" – „კალათი" (იგულისხმება „კალათი წამლებით ყოველგვარი მწვალებლობის წინააღმდეგ") შეიცავს მრავალ, მაგრამ კრიტიკულად განსახილველ ცნობას ადრექრისტიანული სექტების შესახებ. მისი დამოკიდებულება ანტ. კულტურისადმი მკვეთრად ნეგატიურია, განსწავლულობა ფილოსოფიასა და თეოლოგიაში – საკმაოდ ზედაპირული. მასვე ეკუთვნის თხზულებები სამების, ბიბლიაში მოხსენიებული საზომებისა და წონითი ერთეულების, ძვირფასი ქვების თავისებურებების შესახებ. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ქადაგება და საღვთისმეტყველო ტრაქტატი. არსებობს ე. კ-ის 10 თხზულების ძველქართ. თარგმანი. „პანარიონში" ქართ. ტომები: ლაზები, ტიბარენები, ხალიბები, მოსინიკები, კოლხები მოხსენიებული არიან ნოეს შვილების შთამომავალთა შორის. იქვე დაცულია ცნობა ლაზებსა და იბერებში მწვალებლობის არსებობის შესახებ. ე. კ. ქრისტ. სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია. ხსენების დღეა 12 (25) მაისი.

გამოც.:Patrologia Graeca, ed. J.-P.Migne, t. 41–43, P., 1857–66; Bibliothek der Kirchenväter, Bd.38, Kepmten, 1919

ლიტ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ალ. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961; კეკელიძე კ., უცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957.

ნ. ლომოური