ზოდი, სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ჭიათურის პლატოზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი). ზ. დ. 630 მ, ჭიათურიდან 13 კმ, დარკვეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 2,1 ათ. მცხ. (2002).
სოფლის მიდამოებში არის ბრეგვაძეების კლდის, სამერცხლეკლდის, ხვედელიძეების კლდის, ჯრუჭულის, თაროკლდის (რაჭველების) კარსტული მღვიმეები, გოგირდოვანი წყლის აბანო. ზ. პირველად დამოწმებულია ქუცნა ამირეჯიბის შეწირულების სიგელში ულუმბის მონასტრისადმი, რ-იც ზოგადად XV ს. დასაწყისით თარიღდება. გვხვდება აგრეთვე XVII–XVIII სს. რამდენიმე დოკუმენტში. 1639 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს ზ-ში მცხოვრები ორი კომლი ყმა-გლეხი წინამძღვარ ფილიპე წერეთლისათვის უბოძებია, ხოლო 1771 დავით ბატონიშვილის ერთი კომლი ყმა გლეხი ამ სოფლიდან ჯრუჭის მონასტრისათვის შეუწირავს. ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზე დატანილია სოფელი ზ. და იქ მდებარე აზნაურის ციხე-დარბაზი. ზ. მოხსენიებულია ი. გიულდენშტედტთანაც. სოფელში შემორჩენილია ყაველაშვილების ანუ ზედუბნის ციხის ნანგრევები. აქვე გვიანდ. ხანაში მოსაპირკეთებლად გამოყენებულ ქვებში გვხვდება ძვ. ეკლესიის ქვები. გვიანდ. შუა საუკუნეების დაყოფის მიხედვით ზ. იმერეთის სამეფოს II ანუ „ზემო მხრის” სადროშოში შედიოდა. XIX ს. რუს. ადმ.-ტერ. დაყოფით ქუთაისის გუბ. შორაპნის მაზრის წირქვალის სასოფლო საზ-ბას ეკუთვნოდა. 1930, მაზრების გაუქმების შემდეგ, ჭიათურის რაიონს გადაეცა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მასალები საქართველოს ისტორიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1962; საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 254, ან. 1, ს. 688; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ., 1892.
ზ. ცინცაძე