ეპიფორა (ბერძნ. epiphora – განმეორება), მოსაზღვრე სტრიქონთა დაბოლოებაში ბგერათა კომპლექსების, სიტყვების ან სიტყვათა ჯგუფების განმეორება. ანაფორის საპირისპირო ხერხი. დაკავშირებულია რითმასა და ბგერწერასთან. ბგერწერული ე. სტრიქონთა ბოლოებში ბგერათა კომპლექსების განმეორებით მიიღება: „ჩამოსხდნენ ბეღელს, საჯარეს ალყად მოევლო ჯ ა რ ი ა“(ვაჟა-ფშაველა). ე-ის კატეგორიაში შედის მოსაზღვრე და წყვილადი რითმები:„ჩემო თავო, ბედი არ გიწერია, ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია, ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგან ვხედავ, სატრფო ჩემი მტერია“ (ა. წერეთელი) . „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!“ (გ. ტაბიძე).
ე-ის ტიპური ნიმუშებია ტავტოლოგიური და რედიფიანი რითმები.
ა. ხინთიბიძე