ეპოსი

ეპოსი (ბერძნ. epos – სიტყვა, თხრობა), ლიტერატურული გვარი, რ-შიც ამბის მხატვრული გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად, პროზაულად ან ლექსის ფორმით) ემყარება ობიექტურობის პრინციპს. ლიტ-რის დანარჩენ ორ გვართან (ლირიკა, დრამა) შედარებით ე. უნივერსალურია, შეიცავს ლირიკისა (ეპიკურ-ლირიკული) და დრამის (ეპიკური დრამა) ელემენტებს, მოცულობით განუსაზღვრელია (მინიატიურული მოთხრობიდან ვრცელ ეპოპეამდე). ე. ჟანრულ-სახეობრივი თვალსაზრისით მრავალფეროვანია (ზღაპარი, მოთხრობა, იგავ-არაკი, ნარკვევი, ნოველა, ეპოპეა, რომანი). ერთმანეთისაგან განასხვავებენ თემატურ-პრობლემურ ნიშანთა მიხედვით (ისტ., სოც., ფილოს., გმირული, პოლიტ., სატირული, სათავგადასავლო, ფსიქოლ., ფანტასტიკური, ავანტიურული და სხვ.). ე-ის გენეზისი შეინიშნება უძველეს ხალხ. წეს-ჩვეულებებში, ხოლო სპეციფ. ნიშნების ჩანასახი – ადრინდ. ფოლკლორულ ქმნილებებში (ე. წ. ფოლკლორული ეპოსი). ზოგი მეცნიერის აზრით, ქართვ. ტომებს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში უნდა ჰქონოდათ ზეპირსიტყვიერი ეპიკური გვარის ნაწარმოებები. ჩვენი ეროვნ. ფოლკლორული ე-ის ერთ-ერთი ნიმუშია ამირანიანი. ქართ. ე., როგორც ლიტ. გვარი, ეროვნ. დამწერლობის შემოღების ხანას განეკუთვნება, მაგრამ ეპიკური მწერლობის პირველი ძეგლები განადგურებული ან დაკარგულია. საქართველოში ეპიკური ჟანრის პირველ ქმნილებად მიჩნეულია წმიდა ნინოს ცხოვრება, მისი უძვ. რედაქციები (IV ს.).

 

შუასაუკუნეობრივი ქართ. ე. განვითარდა აღმოსავლურ-ქრისტ. კულტ.-ისტ. რეგიონში. მისი პირველი საფეხურის (V–XV სს.) ჰაგიოგრაფიული ძეგლებია იაკობ ცურტაველის „მარტვილობა შუშანიკისი“, იოანე საბანისძის „მარტვილობა ჰაბოისი“, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაჲ გრიგოლ ხანძთელისა“ და სხვ. ქართ. ეპიკური ჟანრის განვითარებაში საგანგებოდ გამოიყოფა კლასიკური პერიოდი (XI–XII სს.). ისტორიულად იგი ემთხვევა საქართვ. ეროვნ.-პოლიტ. სახელმწიფოს ზეობის ხანას, რამაც განაპირობა ე-ის განუსაზღვრელად ფართო მხატვრული პალიტრა: [ამირანდარეჯანიანი, ვისრამიანი (გადმოქართულებული სამიჯნურო-სათავგადასავლო რომანი) და ვეფხისტყაოსანი]. ქართ. კლასიკური ე. განიხილება თავისი დროის ქართ. კულტურისა და აღმოსავლურ-დასავლური მხატვრული აზროვნების ფონზე, როგორც ორიგინ. ეროვნ. მოვლენა საკუთარი ესთეტ. პრინციპებით, იდეური ხედვითა და პოეტიკით. შოთა რუსთაველმა სრულქმნა ქართ. ეპიკური ჟანრი; ჩამოაყალიბა საკუთარი თეორ. შეხედულებები ამ ჟანრის შესახებ. ლექსთა გრძელთა თქმა უნდა გავიგოთ, როგორც ვრცელი ეპიკური ტილოს პრინციპი. ამ პერიოდის ქართ. ე-ში აშკარად გამომჟღავნდა ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ჩამოყალიბდა გმირის ახ. მოდელი. უჩვეულოდ ფართოა კლასიკური ე-ის გმირის სამოქმედო ასპარეზი. წარმოჩენილია სრულყოფილი, მებრძოლი, პატრიოტი, შეყვარებული, რთულ კოლოზიებში გახლართული ადამიანი, რ-ის განცდები და ვნებები მთელი სისრულით წარმოადგენს ადამიანის რთულ შინაგან ბუნებას. ამირანდარეჯანიანისა და ვეფხისტყაოსნის გმირები გამოირჩევიან ფიზ. და სულიერი ძლიერებით. XIII–XV სს. ეპიკური ნაწარმოებები დაკარგულია ან ჩვენამდე მოღწეულია ფრაგმენტების სახით. ასეთია, მაგ., სარგის თმოგველის საგმირო-სარაინდო რომანი დილარგეთიანი. გამონაკლისია ჟამთააღმწერლის „მონღოლთდროინდელი მატიანე. მასში სადა, ნატიფი ენით მოთხრობილია მონღოლთა ბატონობის დროინდელი საქართველოს ცხოვრების ყოველი მხარე (კ. კეკელიძე). ავტორი ისტ. ფაქტებით გამოწვეულ შთაბეჭდილებას აძლიერებს ზღაპრულ-ლეგენდარული ამბებით. ე. წ. აღორძინების პერიოდში (XVI–XVIII სს.) ქართ. ეპიკური ჟანრი შეივსო ახ. ორიგინ. და სპარსულიდან თარგმნილი თუ გადმოქართულებული ქმნილებებით, რ-თა კეკელიძისეული ჟანრულ-სახეობრივი კლასიფიკაცია ასეთია: საგმირო, რომანტიკული, საზღაპრო, დიდაქტ.-მორალური და საისტორიო. XVII ს-იდან ქართ. ე-მა შეიძინა ახ. შინაარსი და ფორმა. თეიმურაზ I-მა სათავე დაუდო ეროვნ.-ისტ. თემატიკას („ქეთევან დედოფალი“), რ-იც განავითარეს არჩილ II-მ, იოსებ თბილელმა (სააკაძე), დ. გურამიშვილმა და სხვ. არჩილ II-მ თავის ნაწარმოებებში შემოიტანა გაბაასების ჟანრი და მართლის თქმის დევიზით დაუპირისპირდა უცხოურ ზეგავლენას. ქართ. ე. თემატიკის თვალსაზრისით ახ. თვისებრივ დონეზე აიყვანა ს.-ს. ორბელიანმა იგავ-არაკების კრებულით სიბრძნე-სიცრუისა. მან ქართ. მწერლობაში პირველმა დაამკვიდრა ე-ის ისეთი სახეები, როგორიცაა იგავ-არაკი, ნოველა. ქართ. პოეტური ე-ის შემდეგი საფეხური დაკავშირებულია დ. გურამიშვილის სახელთან. მისი პოემები ქართლის ჭირი და ქაცვია მწყემსი ეროვნ. ე-ის თვისებრივად ახ. ქმნილებებია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. ისტ. სინამდვილის გურამიშვილისეული კრიტ. ასახვა და ყოფითი ზნეობრივ-რელიგ. მოტივები ეროვნ. ხასიათისაა და ხალხის სულიერი ინტერესების გამომხატველია.

ქართვ. რომანტიკოსებმა ახ. შინაარსი და ფორმა შესძინეს ქართულ ე-ს. გ. ორბელიანის „სადღეგრძელო“ და ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ ეძღვნება ეროვნ. პრობლემებს, ასახავს XIX ს. საქართველოს მწვავე პოლიტ. ვითარებას. კონკრეტული ფაქტები და ისტ. პირები განსაზღვრავენ ამ ნაწარმოებთა რეალისტურ ბუნებას. XIX ს. 50-იანი წლებიდან ქართ. ე-ში, როგორც საზოგადოდ ქართ. მწერლობაში, დამკვიდრდა კრიტ. რეალიზმი (დ. ჭონქაძის სურამის ციხე, ლ. არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი), ხოლო 60–90-იან წლებში ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, გ. წერეთლის, ე. ნინოშვილის, შ. არაგვისპირელის, ა. ერისთავ-ხოშტარიას ეპიკური ქმნილებები (პოემები, მოთხრობები, რომანები, ნოველები) თემატიკურ-პრობლემური მრავალფეროვნებითა და მხატვრულ-ესთეტ. დონით თვისებრივად ახ. საფეხური იყო ქართ. ეპიკური და მთელი ეროვნ. კაზმულსიტყვაობის ისტორიაში. ამ ნაწარმოებებში გამოიკვეთა გამწვავებული ეროვნ.-სოც. პრობლემები, ისტ.-პატრ. თემატიკა, ადამიანისა და საზ-ბის ურთიერთობის საკითხები. კლასიკურ სახეს იღებს ნოველა (შ. არაგვისპირელი). ეპიკური ჟანრის ტრადიციები განავითარეს და გააღრმავეს ა. ყაზბეგმა და ვაჟა-ფშაველამ, რ-ებმაც ე. გაამდიდრეს მძაფრი კოლიზიებით და შექმნეს ტრაგიკულ გმირთა მდიდარი გალერეა; ახ. სიმაღლეზე აიყვანეს ქართ. სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნება; ორიგინალურად გადაწყვიტეს სიყვარულის, მეგობრობისა და მოვალეობის, თემისა და პიროვნების, ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის საკითხები. XX ს. 10–20-იან წლებში ქართ. პოეტური თუ პროზაული ე-ის ძლიერმა რეალისტურმა ნაკადმა შექმნა ახ. ჟანრულ-სახეობრივი ფორმები, მთლიანად აითვისა სიმბოლისტური, იმპრესიონისტული და ექსპრესიონისტული სკოლების მხატვრულ-ფორმისეული მიღწევები. აღსანიშნავია ვ. ბარნოვის, შ. დადიანის, ნ. ლორთქიფანიძის, მ. ჯავახიშვილის, ლ. ქიაჩელის, კ. გამსახურდიას, გ. რობაქიძის, ს. კლდიაშვილის, დ. შენგელაიას, ა. ქუთათელის, ა. ბელიაშვილის რომანები, მოთხრობები და ნოველები, რ-ებიც გამოირჩევიან მხატვრული ნოვაციებითა და წარმოსახვის ფორმებით. ეპოქის მოთხოვნებს ეხმიანება მ. ჯავახიშვილის არსენა მარაბდელი, დ. შენგელაიას ბათა ქექია, კ. გამსახურდიას მთვარის მოტაცება და დიდოსტატის მარჯვენა, ლ. ქიაჩელის გვადი ბიგვა, კ. ლორთქიფანიძის კოლხეთის ცისკარი, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ა. მირცხულავას, ს. ჩიქოვანის, გ. აბაშიძის, ლ. ასათიანისა და სხვათა შემოქმედება. XX ს. 50-იანი წლების მიწურულიდან ქართ. ეპიკურ ჟანრში ინერციით გრძელდებოდა საბჭოთა კლასიკისათვის დამახასიათებელი ტრად. ჰეროიკული თემატიკა ინტერნაციონალიზმის, სოციალ. მშენებლობის, მშვიდობის, ხალხთა მეგობრობის შესახებ, რაც გამოიხატა როგორც თემატიკურ-პრობლემური, ასევე მხატვრულ-სტილური ფორმებით. განსაკუთრებით გამძაფრდა ინტერესი თანამედროვეობისა და ეპიკური გმირის სულიერი სამყაროს მიმართ. ქართ. მწერლობაში კვლავ გაბატონდა ეპიკური პროზა, გამოქვეყნდა რომანები, დილოგიები, ტრილოგიები, ტეტრალოგიები, ეპოპეები (კ. გამსახურდიას დავით აღმაშენებელი, ა. ქუთათელაძის პირისპირ, ა. ბელიაშვილის თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა, გ. აბაშიძის ისტ. რომანები: „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“, ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“, რ. ჯაფარიძის „მძიმე ჯვარი“, ა. გაწერელიას რომანი-ეტიუდი „ფაიდას გამოცხადება“. ე-ში (პროზაულსა თუ პოეტურში) ფართოდ შეიჭრა ლირ. ნაკადი, რ-იც 60-იანი წლებიდან გაბატონებულ სახეს იღებს. გაძლიერდა სატირულ-იუმორისტული მიმართულება (ა. ბელიაშვილი, ნ. დუმბაძე, მ. ელიოზიშვილი, რ. მიშველაძე და სხვ.); შეიქმნა ე. წ. ახალი რომანისა და მიკრორომანის სახეები. თანამედროვე ქართ. მწერლობას დამსახურებული აღიარება მოუტანა ო. ჭილაძის, ნ. დუმბაძის, ჭ. ამირეჯიბისა და სხვათა ეპიკურმა ქმნილებებმა. მრავალფეროვანია ეპიკური გვარის ნაწარმოებთა კომპოზიციურ-სტრუქტურული აღნაგობა, ფაბულა-სიუჟეტი; თხრობიდან განიდევნა ყალბი, პათეტიკური ტონი; მითოსი ორგანულად შეერწყა ისტ. სინამდვილეს და გაფართოვდა ფილოს.-ფსიქოლ. და სიმბოლურ-ალეგორიული აზროვნების საზღვრები (ო. ჭილაძე, ო. ჩხეიძე, ჭ. ამირეჯიბი, ნ. დუმბაძე, ნ. წულეისკირი, გ. დოჩანაშვილი, თ. ბიბილური და სხვ.). იდეურ-თემატ. თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა სოციალ. სინამდვილის მძაფრი კრიტიკა და ზნეობრივი მოტივები (ო. ჩხეიძე, კ. ლორთქიფანიძე, ლ. ავალიანი, მ. მრევლიშვილი, გ. შატბერაშვილი, ო. იოსელიანი, რ. ინანიშვილი, ჭ. ამირეჯიბი, ნ. დუმბაძე, თ. ჭილაძე, ა. სულაკაური, ჯ. ჩარკვიანი, გ. ფანჯიკიძე, ნ. წულეისკირი, რ. ჭეიშვილი, ლ. მრელაშვილი, გ. გეგეშიძე). ქართ. ეპიკური ჟანრი ისტ.-ბიოგრ. ხასიათის ნაწარმოებებით გაამდიდრეს ვ. ჭელიძემ, ა. კალანდაძემ, ს. ჭილაიამ, ა. გაწერელიამ, ე. მაღრაძემ, ლ. სანიკიძემ, აგრეთვე მ. კვესელავამ, დ. ბაქრაძემ და სხვ., რ-ებმაც შექმნეს დოკუმენტურ-ავტობიოგრ. ხასიათის თხზულებები.

ლიტ.: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია ორ ტომად, თბ., 1980–82; მერკვილაძე გ., რომანი და ეპოქა, თბ., 1973; ქართული ლიტერატურის ისტორია ექვს ტომად, ტ. 1–3, თბ., 1966–69 (მთ. რედაქტორი გ. ლეონიძე), ტ. 4–6, თბ., 1974–82 (მთ. რედაქტორი ალ. ბარამიძე); ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, [წგ.] 1–3, თბ., 1972–80.

დ. თევზაძე