ზოიძე ბესარიონ ინუსის ძე

ბ. ზოიძე

ზოიძე ბესარიონ ინუსის ძე (დ. 27. VI. 1953, სოფ. დაბაძველი, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), იურისტი. იურიდ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1996), 1999–2009 საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2001–06 – თავ-რის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავ-რე). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1976). 1982-იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. სახელმწიფოსა და სამართლის ინ-ტში. 1993-იდან იყო ამავე ინ-ტის კერძო სამართ. განყ-ბის გამგე, ხოლო 1996–99 – დირექტორი. იკვლევს თანამედროვე და ძვ. ქართ. სამოქალაქო სამართ. და საკონსტიტუციო სამართ. პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს შრომები როგორც ქართ., ასევე უცხ. ენებზე. 1995-იდან ინტენსიურად მუშაობს მაქს-პლანკის სახ. საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო სამართლის (ჰამბურგი) და საჯარო სამართლის (ჰაიდელბერგი) ინ-ტებში. იყო საქართვ. სამოქალაქო კოდექსის პროექტის სარედაქციო ჯგუფის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ.: ქონებრივი პასუხისმგებლობა ვალდებულებათა დარღვევისათვის, თბ., 1989; ქართული სანივთო სამართალი, თბ., 1999 (მეორე გამოც. 2003); ძველი ქართული მემკვიდრეობითი სამართალი, თბ., 2000; ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, თბ., 2005; საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007.