ერატოსთენე კირენელი (Eratosthenēs ho Kyrēnaios) (დაახლ. ძვ. წ. 276, ქ. კირენე – 194), ძველი ბერძენი მეცნიერი. განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში, 240 სათავეში ჩაუდგა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა გრამატიკის ნაცვლად), იკვლევდა ძვ. ბერძნ. კომედიოგრაფიას, პოეტიკას, ფილოსოფიას. ე-ს ეკუთვნის აგრეთვე გამოკვლევები ქრონოლოგიაში, მათემატიკაში, ასტრონომიაში, გეოგრაფიაში; ითვლება მეცნ. გეოდ. და კარტოგრაფიის ფუძემდებლად; პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკურ-გეოგრ. საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი (ერატოსთენეს საცერი), შემოიღო ტერმინი ეკვატორი. ცნობილია მისი ნაშრომები ძველი კომედიის შესახებ (12 წიგნად), ქრონოგრაფიული ტაბულები (9 წიგნად), გეოგრაფია (3 წიგნად). მისი შრომებიდან მოღწეულია მხოლოდ გვიანდელ ავტორთა თხზულებებში ციტირებული ნაწყვეტები. საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებით ფასეულია სტრაბონის თხზულებაში მოყვანილი ე-ს ცნობები შავიზღვისპირეთისა და კავკასიის გეოგრ. და ეთნ. ვითარების შესახებ – დასახელებულია აქაური ქალაქები, მდინარეები (ფასისი), მთები, აგრეთვე ქართველური და მათი მეზობელი ტომები: მოსხები, ტიბარენები, კოლხები, ალბანელები და სხვ.
ლიტ.: ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957; B e r g e r A., Die geographische Fragmente des Eratosthenes, Lpz., 1964.
ნ. ლომოური