ზოლიანი ხვლიკი (Lacerta strigata), ქვეწარმავალი ხვლიკისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 11 სმ აღწევს, კუდისა – 20 სმ-ზე მეტს. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი: მამალი მკაფიო მწვანეა, დედალი ასევე მწვანე, თუმცა დაჰკრავს მურა ელფერი. ზრდასრულ ფორმებს სხეულზე მრავალრიცხოვანი მუქი ლაქები აქვს და ხუთი გასწვრივი ზოლი გასდევს, რ-ებიც ასაკთან ერთად თანდათან ქრება. ზ. ხ. გავრცელებულია ჩრდ.-აღმ. მცირე აზიაში, დას., ცენტრ. და ჩრდ.-აღმ. ირანსა და შუა აზიის უკიდურეს სამხრ.-დასავლეთში. საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთში – დაბლობებსა და მდინარისპირა ველებში, ქალაქებშიც კი. საცხოვრებელს ირჩევს ბალახოვან, ნახევრად ბუჩქნარ მცენარეულობას, ბაღებს, ბოსტნებს, ვენახებს, გამწვანებულ ღობეებსა და ნარგავებს. თავს აფარებს მღრღნელების სოროებს, თვითონაც შეუძლია საკუთარი სოროს გამოთხრა. მეტად სწრაფი და მარდი ცხოველია. იკვებება სხვადასხვა უხერხემლოებით. მრავლდება კვერცხებით წელიწადში ორჯერ. თითო ჯერზე დებს 6–11 კვერცხს. ნაშიერების ზომა 30 მმ-ს აღწევს. ზ. ხ. ჩვენი ფაუნის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. დაჭერილი ცხოველი, სხვა ხვლიკების მსგავსად, კბენას ცდილობს, მაგრამ ნაკბენი უვნებელია, თუმცა დიდმა ეგზემპლარმა შეიძლება კანი დააზიანოს.
თ. მუსხელიშვილი