ზომერი (Sommer) რიხარდ კარლ (1866, მიუნხენი, – 1939), ფერმწერი, გრაფიკოსი. დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია (1893). 1912–37 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ზ. იყო კავკ. ნატიფ ხელოვნებათა საზ-ბის ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელი. მოიარა თითქმის მთელი საქართველო. ქმნიდა ძირითადად ეთნოგრ. ხასიათის ნამუშევრებს – პორტრეტებს, ყოფით ბატალურ სცენებს, არქიტ. ძეგლებს, პეიზაჟებს („ძველი თბილისი”, „სვანი ქალი”, „გურული ტიპები”, „გრემი”, „ვაშლის გამყიდველი”) და სხვ. მხატვარი ეწეოდა პედ. მოღვაწეობასაც. გახლდათ ლ. გუდიაშვილის ხატვის პირველი მასწავლებელი. ზ-ის ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმსა და ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქალაქებსა და კერძო კოლექციებში. იყო რეპრესირებული.
ი. ქურდაძე