ერგნეთი

ერგნეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის თემში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. ლიახვის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 840 მ, გორიდან 28 კმ. 639 მცხ. (2002). ე. მოხსენიებულია 1451 საბუთში, რ-ის თანახმად ამირეჯიბმა რამინ გაბელისძემ იქ მცხოვრები ჯოხაძე თავისი მამულით სვეტიცხოველს შესწირა. ე-ს მოიხსენიებს ასევე ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) ლიახვის ხეობის სოფელთა სიაში. 1865 ე. თავისი 17 ქართ. კომლით გორის მაზრის მეღვრეკისის სასოფლო თემში შედიოდა.

ჯ. გვასალია