ერგე

ერგე, სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შარაბიძეების თემში (აჭარის არ), მდ. ჭოროხის მარჯვ. ნაპირას, ბათუმი–ქედის საავტ. გზაზე. ზ. დ. 140 მ, მახინჯაურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 17 კმ. 1,7 ათ. მცხ. (2002). ე-ს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) და მიუთითებს მის მდებარეობას – „ჭოროხის ჩრდილოსავე კიდესა ზედა". სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლებით დასტურდება, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია (იხ. ერგეს განძი). ე. განსაკუთრებით დაწინაურდა შუა საუკუნეებში. აქ გადიოდა ზღვისპირეთიდან ახალშენ-ხეყრუს- ჯოჭოსა და ე-ს გავლით ისტ. ტაო-კლარჯეთთან დამაკავშირებელი ძვ. გზები. სოფელში შემორჩენილია ფეოდ. ხანის ძეგლები, რ-თაგან მნიშვნელოვანია გვიანდ. შუა საუკ. ნაციხარი (მდინარეების ჯოჭოსწყლისა და ჭოროხის შესართავთან), ქვის თაღოვანი ორი ხიდის ნანგრევები, საეკლ. და სხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. 2012 ე-სა და მის გარეუბან ზემო ჯოჭოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად (ხელმძღვ. შ. მამულაძე) შესწავლილ იქნა შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესიის ნაშთები, რ-ებიც XI–XIII სს-ით თარიღდება და გვიანდელი საძვალე, სადაც მიცვალებულები ქრისტიანული წესით არიან დაკრძალულნი. აღმოჩენილია ერთფერად მოჭიქული და ჩალისფერკეციანი ჭურჭლის ფრაგმენტები, პურის საცხობი კეცები. მასალას პარალელი მოეძებნება საქართველოს სხვა ნაქალაქარებსა თუ ნასოფლარებზე აღმოჩენილ მასალასთან.

ლიტ.: აჭარა. წარსული და თანამედროვეობა, ბათ., 2012; რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქურიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16 B.

ა. რამიშვილი

ი. სიხარულიძე