ერედვი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. მხარეს. მუნიციპალიტეტის ცენტრი. ზ. დ. 1010 მ. 918 მცხ. (2002). სოფელი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის მიერ (XVIII ს.) პატარა ლიახვის სოფელთა სიაში და ი. გიულდენშტედტის (XVIII ს.) შრომაში – „მოგზაურობა საქართველოში”. სოფელში და მის შემოგარენში დგას რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი, მათ შორის წმინდა გიორგის ეკლესია, ბერის საყდარი, XIV ს. ელიას (ილია წინასწარმეტყველი) ერთნავიანი ეკლესია და სხვ. წმ. გიორგის ეკლესია სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 906. წარწერაში მოხსენიებული არიან ტაძრის მაშენებელი თეოდორე თაფლაის ძე, ქართლის მთავარი ივანე ტბელი და ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე (ამავე წარწერაში მოთხრობილია აფხაზთა მეფის, კონსტანტინეს, ჰერეთს გალაშქრებისა და ვეჯინის ციხის აღების შესახებ). გეგმით უნიკალური სამეკლესიიანი ბაზილიკის მთავარ ნავს გარშემოსავლელი სამი მხრიდან კი არ ეკვრის, როგორც ეს ჩვეულებრივ არის მიღებული, არამედ ოთხივე მხრიდან. ნაგებობა ძირითადად შემორჩენილია პირვანდელი სახით (შეკეთებული და აღდგენილია მხოლოდ ცალკეული ადგილები). დეკორი უპირატესად ინტერიერშია მოქცეული. ეკლესიას გარს აკრავს მაღალი ბურჯებით გამაგრებული ციხე-გალავანი, რ-იც 4 ძირითად ქრონოლ. ფენას შეიცავს – ადრეული ეპოქიდან მოყოლებული XVIII ს. ჩათვლით. გალავანში შემორჩენილია პატარა ეკლესიის ნაშთი.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
ლიტ.: მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971; მეფისაშვილი რ., ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1955, ტ. 4; Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.
ჯ. გვასალია
რ. მეფისაშვილი
ვ. ცინცაძე