ერევნის სახანო, ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სახელმწიფო დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. დააარსა აბას I-მა 1604. ცენტრი იყო არარატის ველი ქ. ერევნითურთ. სახანოში მთელი ადმ. და სამხ. ხელისუფლება შაჰის მიერ დანიშნულ სარდალს (მხედართმთავარს) ეკუთვნოდა, ის ითვლებოდა ხელმწიფის ნაცვლად და ბეგლარბეგი ეწოდებოდა. ამას გარდა, ერევნის სარდალს ემორჩილებოდნენ ნახიჩევანისა და მაქუს სახანოები, აგრეთვე ყარაბაღისა და სივნიეთის სომხ. სამელიქოები. ე. ს. წვრილ ადმ. ერთეულებად – მაჰალებად იყოფოდა. XIX ს. დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 15-ს აღწევდა. მაჰალების მმართველებს ნაიბები და მელიქები ეწოდებოდათ. ნაიბებს ხშირად გამაჰმადიანებული სომხებისა და ქართველების წრიდან ნიშნავდნენ. ქართველები თვით ერევნის ხანებიც ყოფილან. მაგ., გარკვეულ დროს ერევნის ხანი იყო კონსტანტინე II – კახთა მეფე (იგივე მაჰმად ყული-ხანი).
ნადირ-შაჰის მოკვლის (1747) შემდეგ ირანი ანარქიამ მოიცვა და ცალკეულმა სახანოებმა, მ. შ. ე. ს-მაც ნახევრად დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1749 შემოდგომაზე ე. ს-ს მომთაბარე თურქმანული ტომები შეესივნენ მაჰმად-ხანის სარდლობით. ერევნის ხანმა დახმარებისათვის თეიმურაზსა და ერეკლეს მიმართა, რისთვისაც ლაშქრობის ხარჯების გადახდა და ყოველწლიური ხარკი იკისრა. მეფეებმა ეს წინადადება მიიღეს. ლაშქრობა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან ე. ს. ძლიერი ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. 1827 ერევნის ციხე რუსეთის ჯარმა აიღო, 1828 თურქმანჩაის ზავით ე. ს. რუსეთს შეუერთდა.
ლიტ.: Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении ..., Л., 1949.3
გ. მაისურაძე