ერეკლე II-ის მოედანი, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი ძველი მოედანი მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ერეკლე II-ის, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, შოთა ყავლაშვილისა და ანტონ კათალიკოსის ქუჩებს შორის. სახელი ეწოდა 1948 მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად. 1638 სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო, რ-ის გამოც სასახლის წინა ტერიტორიას ბატონის ანუ მეფის მოედანი ეწოდა. XVII ს. II ნახევარში სასახლე გადააკეთა მეფე ვახტანგ V-მ. მოედანი ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხარეს იდგა სავაჭრო დუქნები, სადაც ხალხმრავლობა იყო, ამიტომ მას სალაყბოსაც ეძახდნენ. მოედანზე იდგა წმინდა გიორგის კარის ეკლესია, დივანხანა, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა დაწესებულებები. სასახლე დაინგრა 1795 აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილ. დარბევის დროს. მოედანი ქალაქის ზემო უბნის ცენტრი იყო და ზემო მოედანსაც უწოდებდნენ. სხვადასხვა დროს მოედანს სახელი ეცვლებოდა. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის (1801) შემდეგ, 1809, აქ გუბერნატორის სახლი ააგეს და ბატონის მოედანს გუბერნატორის მოედანი დაერქვა. XIX ს. I მეოთხედში ამ ადგილას იყო სინოდალური კანტორა და საქართვ. ეგზარქოსის რეზიდენცია, ახ. სახელწოდებაც აქედან მიიღო – ეგზარქოსის მოედანი. საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ მოედანს საერთაშ. მუშათა მოძრაობის მოღვაწის ა. ბებელის სახელი ეწოდა. 1956–57 მოედანზე მდებარე ბაღში ჩატარდა არქეოლ. გათხრები. გამოვლენილია თბილ. ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვანი მასალა. სტრატიგრაფიული ჭრილი მოიცავდა 4 კულტ. ფენას. ქვედა, I ფენაში (V–X სს.) გამოვლენილია ნაგებობათა ნაშთები და სხვადასხვა სიღრმისა და მოყვანილობის (კვადრატული, ოვალური, წრიული) 22 ორმო. წარმოებასთან დაკავშირებული ორმოები კრამიტით ყოფილა გადახურული (აღმოჩენილია კრამიტისა და გადახურვის საყრდენი ბოძების ნაშთები). ორმოებში აღმოჩნდა კერამიკა, ნაცარი, მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, მინის საწყაოები, მინის ჭურჭლისა და ჭიქურის დასამზადებელი ნედლეული. 2 დიდი ორმოს კედელი აგურით იყო მოპირკეთებული. ერთ ოთხკუთხა კერასთან ნაპოვნია IX–X სს. არაბული ფელსი და VIII ს. მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები, ერთ-ერთი ორმოს ძირზე კი – აქატის ქვის საბეჭდავი დიდებულის პორტრეტული გამოსახულებით (V ს.). აღსანიშნავია, რომ მომდევნო ზედა ფენის ნაგებობები აზიანებდა ქვედა ფენას. მომდევნო, II ფენაში გამოვლინდა ხელოსანთა სახლებისა და კერამ. წარმოებასთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები, 10 ღრმა ორმო (ჭა ან კერამ. წარმოებასთან დაკავშირებული), ნალისებური და ოთხკუთხა კერების ნაშთები, რკინის ისრისპირები, ქურები, სანაცრე ორმოები, თონეები, რკინის წიდები და სხვ. ერთ-ერთ ქილაზე ასომთავრული ასოები (ა, ო, შ, ა) იყო ამოკაწრული. აღმოჩნდა არაბ. (IX–X სს.), ბიზანტ. (XI ს.), თამარის, დარუბანდის, შარვანისა და სასანური ტიპის (XII ს.) მონეტები. ამ ფენის ადრეული ნაგებობები XI–XII სს-ით თარიღდება, შუა პერიოდისა – XII–XIII სს-ით, გვიანი ხანისა კი – XIII–XIV სს-ით. ქვემოდან III ფენაში გამოვლინდა 5 ნაგებობის ნაშთი. მ. შ. ოთხი იყო საცხოვრებელი შენობა, მეხუთე – კერამ. წყალსადენის გამანაწილებელი (რიყის წყობა კირის ხსნარზე). აქვე იყო დუღაბში ჩაკირული კერამ. მილების 2 შტო, რ-თაგან ერთი აღმ-კენ, მეფის სასახლეებისკენ მიემართებოდა. დადგინდა აგრეთვე ორი, სხვადასხვა დროის წყალსადენის გამანაწილებლის არსებობა. ნაპოვნია XVII ს. (22 სმ × 22 სმ, 23 სმ × 23 სმ) XVIII ს. (21 სმ × 21 სმ) ქართული აგური, თონეები, სხვადასხვა დანიშნულების ორმოები (რ-თაგან ზოგს მაცივრად იყენებდნენ), აგრეთვე მრავალი მონეტა. ქვემოდან IV, ზედა ფენა შეიცავდა ქართ. აგურის ნატეხების გროვებს. თიხის, ფაიფურისა და მინის თანამედროვე ჭურჭლის მცირე ნატეხებს და XIX–XX სს. მონეტებს. გათხრების შედეგად მოპოვებულ არქეოლ. მასალაში ყველაზე დიდი რაოდენობით კერემიკაა წარმოდგენილი, შედარებით მცირე რაოდენობით – მინის ჭურჭელი (VII–XVIII სს.) და სამკაული (IX–XIII სს.). ძვლის ნაკეთობანი (XI–XIV სს.) 4 ჯგუფად იყოფა: ტყავის დასამუშავებელი იარაღი, საფეიქრო იარაღი, სამკაულის დასაჭრელები. ლითონის ნივთები ძირითადად ბრინჯაოს სამკაულითაა წარმოდგენილი (VII–VIII სს., X–XI სს., XII–XIII სს.).
ლიტ.: ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; გძელიშვილი ი., ტყეშელაშვილი ო., ქ. თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები (1956–57 წწ. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით), თბ., 1961; ლომთათიძე გ., საქართველოს მოსახლეობის კულტურა და ყოფა I–XIII სს., თბ., 1977; Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлисა, Тфл.,1866.
თ. ბერიძე
ე. გოგაძე