ერეკლე II-ის ხელშეკრულება 1786 „შვიდობისა და თავდაუსხმელობის შესახებ", დაიდო 25 სექტემბერს ახალციხის გამგებელ სულეიმან ფაშასთან. 1783, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, სულთნის ხელისუფლებამ თავისი ემისრები გამოგზავნა აღმ. ამიერკავკასიაში და მოუწოდა მუსლიმ გამგებლებსა და მოსახლეობას, დაეწყოთ საღვთო ომი გიაურების წინააღმდეგ და ქართველებზე გამანადგურებელი თავდასხმების შედეგად ეიძულებინათ მეფე ერეკლე, უარი ეთქვა გეორგიევსკის ხელშეკრულებაზე. საქართველოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო რ-უს. ხელმძღვანელობამ მეფე ერეკლეს ნება დართო, დაეწყო მოლაპარაკება ახალციხის გამგებელ სულეიმან ფაშასთან, რ-იც ამ წამოწყების ინიციატორი იყო. შედეგად მეფე ერეკლესა და სულეიმან ფაშას შორის დაიდო ხელშეკრულება `მშვიდობისა და თავდაუსხმელობის შესახებ~. ხელშეკრულება შედგებოდა ექვსი მუხლისაგან: პირველი სამი მუხლით მეფე ერეკლე იღებდა ვალდებულებას, რ-ის თანახმად ოსმალეთს არავითარ ზიანს არ მიაყენებდა და არ დაესხმოდა თავს. საქართველოში რუს. ჯარის რაოდენობა განისაზღვრა 3000 ჯარისკაცით. საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში მეფე ერეკლე თავს დაიცავდა ქართ. და რუს. ჯარით. მომდევნო სამი მუხლის მიხედვით სულეიმან ფაშა ვალდებულებას იღებდა, არ დასხმოდა თავს საქართველოს, არ უნდა მიეცა უფლება ლეკებისათვის საფაშოს ტერიტორია გამოეყენებინათ საქართველოზე თავდასასხმელად და არ უნდა მიეღო მონაწილეობა ქართვ. ტყვეებით ვაჭრობაში. ამავე დროს საქართვ. საზღვართან არ უნდა მდგარიყო ხონთქრის ჯარი. ამ ხელშეკრულებით მეფე ერეკლემ დიდი დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვა, რ-ითაც მან უზრუნველყო საქართვ. ტერიტორიის უსაფრთხოება და თავდაუსხმელობა. ეს ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს. ხელშეკრულების დადების შემდეგ შეთანხმების ტექსტი გაუგზავნეს რუს. მთავრობას პეტერბურგში, ხოლო ერეკლე მეფემ ხელშეკრულება, პირად წერილთან ერთად, გაუგზავნა დიდ ვეზირს სტამბოლში.
ლიტ.: ცინცაძე ი., 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, თბ., 1968; მისივე, საქართველო-რუსეთის ისტორიოგრაფიიდან, «მიმომხილველი», 1955, [ტ.] 3; ცქიტიშვილი ზ., გარსევან ჭავჭავაძის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, თბ., 1982; Дубровин Н., История войны и владычества русских на Кавказе, т. 2, СПб., 1886; Маркова О. П., Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке, М., 1966.
მ. სვანიძე