„ერეხელი“

„ერეხელი”, ქართული (მეგრული) ხალხური სახუმარო-ლირიკული სიმღერა. გავრცელებულია დას. საქართველოში (განსაკუთრებით სამეგრელოში, ლეჩხუმსა და იმერეთში). იუმორისტული ეფექტი მიიღწევა ქართ. და მეგრული სიტყვების, საკუთარი სახელების (მ. შ. ტოპონიმების), გამოგონილი, ერთი შეხედვით უაზრო სიტყვების თანამიმდევრობით (ერეხელი ვარ და მერეხელი, ელიზბარი, ამისთანაც სარიკო, მიქელოი ვარ და მიქელოი, ძღაბ მეურსუ... და ა. შ.). აგრეთვე სწრაფი და ზომიერი ტემპის უცაბედი ცვლით. სიმღერა – სამხმიანია, მუს. ზომა – 4/4. ყოველი შემობრუნება ჩქარდება (Moderato, Allegro, Presto). ძალზე პოპულარულია გამომსახველი მუს. სახოვნებისა და ცქვიტი ხასიათის გამო. სიმღერა ჩაწერილი აქვთ ო. ჩიჯავაძეს და გ. კოკელაძეს.

ლიტ.: კოკელაძე გ., ოცდაათი ქართული ხალხური სიმღერა, თბ., 1981; ჩიჯავაძე ო., ქართული (მეგრული) ხალხური სიმღერები, თბ., 1974.

ე. გარაყანიძე