ერთა ლიგა

ერთა ლიგა, სახელმწიფოთა პოლიტიკური თანამშრომლობის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1919. წესდებას ხელი მოაწერა 44 სახელმწიფომ, აშშ-მა უარი თქვა ე. ლ-ის წევრობაზე. წესდების მიხედვით, ე. ლ. მიზნად ისახავდა ხალხთა შორის თანამშრომლობის განვითარებას და მათი უშიშროების უზრუნველყოფას. მისი საქმიანობა შეწყდა 1940, ოფიციალურად დაიშალა 1946. 1919 წ. 21 მაისს, პარიზის საზავო კონფერენციაზე, საქართვ. დემოკრ. რესპ. ხელმძღვანელმა ნ. ჩხეიძემ ე. ლ-ს მიმართა თხოვნით ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ე. ლ-მ არ განიხილა ეს საკითხი, სანამ არ დაიდო საქართველო-რუსეთის 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება. 1920 წ. 1 სექტემბერს ნ. ჩხეიძემ სპეც. მემორანდუმით კვლავ გაიმეორა საქართვ. მთავრობის თხოვნა. 1920 შემოდგომაზე ე. გეგეჭკორი გაემგზავრა ევროპაში, სადაც შეხვდა ევრ. ქვეყნების წამყვან პოლიტ. ლიდერებს. მოლაპარაკებებზე განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი: საქართველოს ე. ლ-ში მიღების, მისი „დე იურედ” ცნობის და სხვ. 1920 წ. 12–16 ოქტომბერს ქ. მილანში გაიხსნა ე. ლ-ის საერთაშ. ასოციაციების მეოთხე კონგრესი, რ-ის მუშაობაში პირველად მიიღო მონაწილეობა ე. ლ-ის საქართვ. ასოციაციის (შეიქმნა 1919 წ. 7 დეკ.) წარმომადგენელმა ნ. ჯაყელმა. კონგრესზე იგი სიტყვით გამოვიდა 16 ოქტომბერს; ამავე დღეს კონგრესის თავ-რის ჯ. რუფინის წინადადებით საქართველოს ასოციაცია მიღებულ იქნა ე. ლ-ის საერთაშ. ასოციაციების წევრად. 1920 წ. 16 დეკემბერს ე. ლ-ის საერთო კრებაზე იხილებოდა ამ ორგანიზაციაში საქართველოს წევრად მიღების საკითხი, რ-იც მომზადდა ჟენევაში ე. ლ-ის მუდმივ სამდივნოსთან მოლაპარაკებებისა და მიმოწერით 1920 ზაფხულსა და შემოდგომაზე. საქართველოსა და სხვა ახლად შექმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებს ე. ლ-ისაკენ იზიდავდა მისი წესდების მე-10 მუხლი, რ-ის თანახმადაც ე. ლ-ის წევრები ვალდებულებას იღებდნენ, პატივი ეცათ და დაეცვათ ორგანიზაციის ყველა წევრ-სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მაგრამ სწორედ ეს მუხლი გახდა საქართველოს ე. ლ-ში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორი. განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ ფ. ნანსენი (ნორვეგია) და რ. სესილი (სამხრ. აფრიკა), რ-თაც მხარი დაუჭირეს საქართველოს მიღებას ე. ლ-ში. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჰ. ფიშერმა კი განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში მე-10 მუხლის დაცვა რთული იქნებოდა, ამასთან არ შეიძლებოდა ამ საკითხის განცალკევება ბალტიისპირეთის რესპუბლიკათა საკითხისაგან. ორივე საკითხს რუსეთის ზეგავლენის სფეროში შეჭრასთან აკავშირებდნენ, რაც ამუხრუჭებდა ამ ქვეყნების ე. ლ-ში მიღების პროცესს. კენჭისყრაში 24 სახელმწ. მონაწილეობდა. საკითხის გადასაჭრელად საკმარისი იყო 16 ხმის მიღება. საქართველოს ე. ლ-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა 10 სახელმწიფომ: სამხრ. აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, ირანმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ. წინააღმდეგ ხმა მისცა 10 სახელმწიფომ: ავსტრალიამ, კანადამ, კუბამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ, ნიდერლანდებმა, ჩეხოსლოვაკიამ, დანიამ. თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უარყოფითი პოზიციის გამო საქართველოს ე. ლ-ში მიღება შეუძლებელი გახდა. მართალია, საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკა ცნეს როგორც დე-ფაქტო (1920), ასევე დე-იურე (1921 იანვარი), მაგრამ ე. ლ-ის გარეთ დარჩენამ ხელი შეუწყო საბჭ. რუსეთის აგრესიული ზრახვების რეალიზაციას. 1921 თებ.-მარტში რუსეთმა დაიპყრო საქართველო, მოხდა მისი ფაქტობრივი ანექსია.

ა. მენთეშაშვილი