ერთაწმინდა

ერთაწმინდა, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. თეძმის ხეობაში. ზ. დ. 840 მ, კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ. 314 მცხ. (2002). სოფლის სახელი უნდა უკავშირდებოდეს წმინდა ევსტაფის ანუ ესტატეს სახელს – „ესტატე წმინდას” (ძვ. სახელი ესტაწმინდაა). სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI ს-ში. 1588 მეფე სიმონმა ე. სიაუშ სააკაძეს უბოძა. წმინდა ევსტაფის სახელზე აგებული ტაძარი 1610-იდან შევიდა გიორგი სააკაძის მფლობელობაში და გადაიქცა მის შთამომავალთა საძვალედ. ეკლესიაში დღემდეა დაცული მათი საფლავის ქვები (გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი გიორგი სააკაძის შვილის – პაატას – საფლავის ქვაა). გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ ე. სამეფო საკუთრება გახდა. 1652 მეფე როსტომმა იგი იორამ სააკაძეს დაუბრუნა. XVIII–XIX სს-ში ე. სააკაძეთა შთამომავლებს – თარხნიშვილებს – ეკუთვნოდა. სოფელსა და მის მიდამოებში რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლია, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ერთაწმინდის სამონასტრო კომპლექსი და გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული სახლი – ქართ. დარბაზის ნიმუში. სამონასტრო კომპლექსის დომინანტია XIII ს. I ნახ. წმ. ესტატეს ტაძარი. იგი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათიანი ნაგებობაა, ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძით და საკურთხევლის აფსიდით, რ-იც გეგმის სწორკუთხედის ფარგლებში რჩება. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის მრგვალ ყელზე გადასვლა ხორციელდება აფრებით. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებულია კუთხის სათავსები. ტაძრის მკლავის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობა, რ-იც შესრულებულია არა უადრეს XVIII ს-ისა და ასახავს წმ. ესტატეს ცხოვრების სცენებს. ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. მათი დეკორი მრავალსახიანია როგორც ხასიათით, ისე შესრულების მანერით. ეკლესია რამდენჯერმეა შეკეთებული და გადაკეთებული. XIX ს. II ნახ-ში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. 1951 ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო საწარმო-სახელოსნომ – აღდგენილ იქნა გუმბათი. გალავანი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაგებია ძირითადად ბრტყელი ნატეხი ქვით. დატანებული ჰქონდა 7 კოშკი. სამხრ. კედლის გასწვრივ სამეურნეო და სამონასტრო შენობების ნაშთია. ორსართულიანი სამრეკლო საფუძვლიანადაა გადაკეთებული. ეკლესიის დღეობა – ერთაწმინდობა – აღინიშნება ძვ. სტ. 20 სექტემბერს. დღეობაზე სალოცავად მიდიან ქართლ-კახეთის ყველა მხრიდან. ე-ს ეკუთვნის თეძმის ნაპირას მდებარე XVIII ს. ორი მრგვალი კოშკი, რ-თაც ელისაბედაშვილის კოშკებს უწოდებენ (ელისაბედაშვილები საეკლ. ყმები ყოფილან). კოშკები და მათ გარშემო მდებარე მამულიც ეკლესიის საკუთრება იყო. ე-ში დაიბადა მწერალი ს. ერთაწმინდელი, კომპოზიტორი ი. კარგარეთელი.

ლიტ.: გომელაური ი., ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა, თბ., 1976; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990; Иоселиани П. И., Жизнь Великого Моурава, князя Георгия Саакадзе..., с приложением описания Эртацминдского храма и Кватахевского монастыря, Тфл., 1848.

ჯ. გვასალია

ი. გომელაური