ზოოფსიქოლოგია, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ფსიქიკას, მის გამოვლინებებს ონტოგენეზსა და ფილოგენეზში, ცხოველთა ფსიქიკური პროცესებისა და ქცევის ხასიათს და მექანიზმებს. ზ-ის კვლევის არეალში შედის ადამიანისა და ცხოველის ფსიქ. ცხოვრების განსხვავებისა და მსგავსების საკითხებიც, თუმცა ეს ასპექტი ნაწილობრივ სპეც. დარგის, ე. წ. „შედარებითი ფსიქოლოგიის” კომპეტენციასაც განეკუთვნება. ეს უკანასკნელი, ზ-ის გარდა, ზოგადი, სოც., ეთნ., ნეირო და სხვა ფსიქოლ. მონაცემების საფუძველზე ერთმანეთს ადარებს ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკას. ზ. იკვლევს ფსიქ. და ქცევის განვითარებას ცხოველური ფსიქ. საწყისი ფორმებიდან უმაღლესამდე. ამდენად, მისი მონაცემები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ზოგადფსიქოლ. მასშტაბის თეორ. სისტემებისთვის, სადაც განხილულია ფსიქ. ყველა ასპექტი და ფორმა. მაგ., გეშტალტფსიქოლოგია მიმართავს ზოოფსიქოლ. კვლევას, რათა აჩვენოს ფსიქ. მთლიანობის პრინციპის საყოველთაო ხასიათი; განწყობის მექანიზმის უნივერსალობის საჩვენებლად იგივე მიდგომაა გამოყენებული დ. უზნაძის თეორიაში; ბიჰევიორიზმი ქცევის ფსიქოლ. კანონზომიერებების დადგენას ცხოველთა ქცევის შესწავლით ცდილობს. მეცნ. ზ. იწყება ჩ. დარვინიდან. მან გამოთქვა პირველი ვარაუდები ცხოველთა გრძნობებისა და ინტელექტის შესახებ. მისი ხაზი გააგრძელა ინგლ. ბიოლ. ჯ. რომანესმა (1848–94), რ-საც უკავშირდება ე. წ. ანთროპომორფისტული მიდგომა ზ-ში. მის პარალელურად ვითარდება ე. წ. მექანიცისტური მიდგომაც, რ-ის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ამერ. ბიოლოგი ჟ. ლები (1859–1924). ანთროპომორფიზმი პირდაპირ მიაწერს ცხოველებს ადამიანურ თვისებებს (მსჯელობა, წარმოდგენა, ცნობიერება და სხვ.), ხოლო მექანიციზმი ცხოველს საერთოდ ფსიქ. გარეშე ტოვებს და ცოცხალ ავტომატად განიხილავს. თანამედროვე ზ-ში არსებითად ამ მიმართულებების შერიგება ხდება. ცხოველთა გონებრივი შესაძლებლობების სისტემ. ლაბორ. შესწავლა XIX ს. მიწურულს წამოიწყო ბიჰევიორიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ამერ. ფსიქოლოგმა ე. თორნდაიკმა (1874–1949). მისი დასკვნით, ცხოველები არ აზროვნებენ – ახ. სიტუაციაში საჭირო მოქმედებას შემთხვევით, „ცდისა და შეცდომის” გზით აგნებენ და დაისწავლიან. ეს მოსაზრება უარყო გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ლიდერმა გერმ.-ამერ. ვ. კელერმა (1887–1967), რ-იც ცდებს შიმპანზეზე ატარებდა. მისი მონაცემებით, ანთროპოიდები ავლენენ გონიერი ქცევის ნიშნებს, ახ. ამოცანას მიხვედრის – ე. წ. „ინსაიტის” – საშუალებით წყვეტენ და მსგავს სიტუაციებზე განაზოგადებენ. ეს დაადასტურა, აგრეთვე, გამოჩენილმა ამერიკელმა ზოოფსიქოლოგმა რ. იერქსმა (1876–1959). ამის შემდეგ გავრცელდა შეხედულება ცხოველთა ფსიქ. ცხოვრების 3 დონის შესახებ: პირველ დონეზეა თანდაყოლილი, სტერეოტიპული, ინსტინქტური მოქმედება; მეორეზე – ქცევის ცვალებადი და შეძენილი (დასწავლილი) ფორმები; მესამეზე – პრიმიტიული ინტელექტუალური, გონიერი ქცევა. ამჟამად, ცხოველების კოგნიტური ფუნქციების შესწავლის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. მას ახ. იმპულსი მისცა მაიმუნების ენობრივი შესაძლებლობების კვლევამ, რ-მაც, მიუხედავად არაერთმნიშვნელოვანი შეფასებებისა, უფრო ანთროპომორფისტული პოზიცია გააძლიერა. ქცევის დასწავლილი ფორმების კვლევა, ამერიკული ბიჰევიორიზმის ტრადიციიდან გამომდინარე, ლაბორ. პირობებში მიმდინარეობდა. რაც შეეხება ცხოველთა ფსიქ. ინსტინქტურ გამოვლინებებს, მათ შესწავლაში XX ს. 30-იანი წლებიდან აქტიურად ჩაერთო ევრ. მეცნიერთა ჯგუფი, რ-ებიც კვლევას ბუნებრივ (საველე) პირობებში ატარებდნენ. ამ მიმართულებას ეთოლოგია ეწოდა. მის ფუძემდებლებად ითვლებიან ნობელის პრემიის ლაურეატები ავსტრიელი ეთოლოგი კ. ლორენცი (1903–89), ნიდერლანდელი ეთოლოგი და ორნიტოლოგი ნ. ტინბერგენი (1907–88) და გერმ. ეთოლოგი კ. ფრიში (1886–1982). დღეს ზ-ში ამ მიმართულებების გაერთიანება ხდება როგორც კვლევის ტაქტიკის, ასევე მისი შინაარსის თვალსაზრისით. კერძოდ, თანამედროვე შეხედულებების თანახმად, ცხოველთა ქცევების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავს თანდაყოლილ და შეძენილ მომენტებს. საქართველოში ზ-ის მონაცემებს ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. ქართ. ფსიქოლ. სკოლის ფუძემდებელი დ. უზნაძე თავიდანვე ეძებდა ცნობიერების გარეშე მიმდინარე ქცევის, სახელდობრ, ცხოველის ინსტინქტური ქცევის მიზანშეწონილობის საფუძველს. უარყო რა ინსტინქტის მექანიცისტური და ფსიქოვიტალისტური გაგება, მან მიუთითა ცოცხალი ორგანიზმის სპეც. მდგომარეობაზე, რ-შიც წინასწარ არის განსაზღვრული ცხოველის ქცევა. შემდგომში ამ „ბიოსფერულ” მდგომარეობას განწყობა ეწოდა და იგი ყოველგვარი ქცევის ფსიქ. მექანიზმად იქნა მიჩნეული. განწყობის ექსპერ. შესწავლა მიმდინარეობდა როგორც ადამიანებზე, ისე ცხოველებზე დაკვირვებით. დ. უზნაძის თანამშრომლებმა – ნ. ადამაშვილმა და ნ. ჭრელაშვილმა, ე. წ. „ფიქსირებული განწყობის” მეთოდის ადაპტირებული ვარიანტით გამოიკვლიეს განწყობის კანონზომიერებანი განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფ ცხოველებში (ქათმები, თეთრი ვირთაგვები, მაიმუნები). კოგნიტური და ემოციური პროცესების გენეზისის კონტექსტში ცხოველთა ფსიქ. შესახებ საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა დ. რამიშვილმა.
ლიტ.: იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ., 2008; უზნაძე დ., განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, შრომები, ტ. 6, თბ., 1975; Палмер Д., Палмер Л., Эволюционная психология, СПб., 2003; Филипова Г. Г., Зоопсихология и сравнительная психология, М., 2007; Хайнд Р., Поведение животных, М., 1975; B o a k e s R., From Darvin to Behaviorism: Psychology and the Minds of Animals, N.Y., 1984.
ი. იმედაძე