ზოროასტრიზმი

ზოროასტრიზმი, ძველად და ადრინდელ შუა საუკუნეებში ირანში, შუა აზიაში, ავღანეთში, აზერბაიჯანსა და ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული რელიგია. ამჟამად ინდოეთში ფარსების რელიგიაა, ირანში – გებრებისა. სახელი ეწოდა წინასწარმეტყველ ზოროასტრის (ზარათუშტრა) მიხედვით. ზ-ის წმინდა კანონია ავესტა, უზენაესი ღვთაება – აჰურამაზდა, რ-ის გამო ზ-ს მაზდეანობასაც უწოდებენ. ზ-ის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს: 1. აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI – ახ. წ. III სს.), როდესაც ზ. საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირან.-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართ. ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვ.). ზ. განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირან.-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტოში, მირდატი და სხვ.). ერთ ხანს, როდესაც „ქართლის ცხოვრების” ცნობით, ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზ-ის რომელიღაც სახეობა სამეფო კულტის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი ძვ. წ. II–I სს. სატაძრო კომპლექსი, რ-იც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისმცემლობას (იხ. სტ. დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა – მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზ-ის მიმდევართა თემი; 2. ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანა (III–VII სს.), როდესაც ირანი ძალით ცდილობდა აღმ. საქართველოში ირან. სახელმწ. რელიგ. დამკვიდრებას. ამ დროს ზ. საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზ-ის დანერგვის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართ. წერილობით წყაროებში (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები; ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები და სხვ.). ამ ბრძოლის მიუხედავად საქართვ. ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელშიც არსებობდა ზ-ის მიმდევარი მოსახლეობა, ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს ნიქოზში იყო „საგზებელი ცეცხლისა” (ცეცხლის ტაძარი); 3. სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანა, როდესაც ზ. თვით ირანში იქცა დევნილ რელიგიად. VIII–IX სს-ში საქართველოში ხდება ზოროასტრული კულტების ერთგვარი გამოცოცხლება, რაც შეიმჩნევა ნივთიერ კულტ. ძეგლებში (გველდესის საკურთხეველი, ბროწეულის ყვავილის თავიანი საკინძები და სხვ.). ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას, როგორც რეაქცია არაბთა მძლავრობაზე და შედეგი ირანიდან ლტოლვილ ცეცხლთაყვანისმცემელთა შემოხიზვნისა საქართველოში. შემდგომში ზოროასტრული კულტები საქართველოში მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობდა არსებობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზ-ის მიმდევართა, ალბათ, სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილ. ერთ-ერთ უბანში – ფეთხაიმზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის – “ათეშგას” (იხ. სტ. ათეშგაჰი) ნაშთები.

ლიტ.: ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, [ტ.] 1, თბ., 1966.

ი. გაგოშიძე