ზოსიმე II (ერისკაცობაში – ზებედე), კუმურდოელი ეპისკოპოსი XV ს. ბოლოსა და XVI ს. შუა წლებში. აღიზარდა ქართლის მეფე გიორგი VIII-ის ასულის, ქეთევანის კარზე. 1515 ზ. II ბერად აღიკვეცა. ამავე წელს მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმაც, რასაც ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა. ზ. II-ის დიდი წვლილი მიუძღვის იერუსალიმის წმ. მიწაზე ქართველთა უფლებების დაცვასა და კათოლიკეებისაგან გოლგოთის გამოხსნის საქმეში (XV–XVI სს. მიჯნა), რის გამოც ზ. II-ის სახელზე სამუდამო კანდელი დაიკიდა გოლგოთასა და ჯვრის მონასტერში. 2002 წ. 17 ოქტომბერს, კუმურდოს საეპისკოპოსო კათედრის აღდგენასთან ერთად, ზ. II წმინდანად შერაცხეს. წმ. მოწამე ზ. II-ის ხსენების დღეა 1(14) მაისი.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ. – ათენი, 2003.
თ. მარგველაშვილი