ზოჰაბის ზავი

ზოჰაბის ზავი 1639, დაიდო ოსმალეთსა და ირანს შორის სოფ. ზოჰაბში, კასრი შირინის მახლობლად (ლიტ-რაში ეწოდება კასრი შირინის საზავო ხელშეკრულებაც), ზ. ზ-ით დამთავრდა ოსმალეთ-ირანის ომები (1514–1639), რ-ებიც მიმდინარეობდა ახლო აღმოსავლეთსა და ამიერკავკასიაში ბატონობისათვის. ზავით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ოსმალეთსა და ირანს შორის დაპყრობილ ქვეყნებზე, ხოლო ის ქვეყნები, რ-ებიც დასაპყრობი რჩებოდა, გავლენის სფეროებად განაწილდა. საზღვარი გავიდა ახალციხის, ყარსის, ვანის, შეჰრიზორის, ბაღდადისა და ბასრის აღმოსავლეთით. აზერბაიჯანი მთლიანად ირანს დარჩა, არაბ. ქვეყნები – ოსმალეთს, აღმ. სომხეთი და აღმ. ქურთისტანი – ირანს, დას. სომხეთი და დას. ქურთისტანი – ოსმალეთს. ასევე გაინაწილეს საქართველო: აღმ. საქართველო ირანს დარჩა, დას. საქართველო და სამცხე-საათაბაგო – ოსმალეთს. ზავმა ფაქტობრივად დააკანონა საქართველოს პოლიტ. დანაწევრება, რადგან ოსმალეთი და ირანი აღმ. და დას. საქართველოს თავიანთ სამფლობელოებად თვლიდნენ და ხელს უშლიდნენ ქვეყნის გაერთიანებას. ქართველები არ ცნობდნენ ზ. ზ-ის პირობებს და იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის. ზ. ზ. არ დარღვეულა 1723-მდე, ამიტომ მას საუკუნოვან ზავსაც უწოდებენ.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI–XVII სს.), «მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971; ჩოჩიევი ვ., ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო, კრ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), თბ., 1957.

მ. სვანიძე