ზრბითი

ზრბითი, ნასოფლარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში, ორბეთის ციხესთან, ზრბითის ხევზე (მდ. ალგეთის მარცხ. მხარეს). აღნიშნულია ვახუშტის რუკებზე და მოხსენიებულია ქვემო ქართლის სოფლების სიაში. ჩანს რომ, ზ. დიდი და მნიშვნელოვანი სოფელი იყო, რადგან მისი სახელი ეწოდა მთელ ხევს, სადაც მდებარეობდა ისეთი მნიშვნელოვანი ციხეები, როგორიცაა ორბეთი და ფარცხისი. ერთ-ერთი სპარს.წყარო ორბეთის ციხეს იხსენიებს როგორც ზრბითის ციხეს (ალბათ, სიახლოვის გამო). ისტ. საბუთებში მოხსენიებულია XVI ს-იდან როგორც საბარათიანოს სოფელი ზ., ზრბეთი, ზირბითი. ეკუთვნოდა აზნაურ თულაშვილებს. არსებობდა ადრინდ. შუა საუკუნეების ხანაშიც, რასაც მოწმობს აქ დაცული ორი ეკლესია. აქედან გადასახლებულმა ქართველმა მთიულებმა თავიანთი სოფლის სახელი დაარქვეს ლაკვისწყლის (ზის ხევი) სოფ. ახალშენს (ამჟამად სოფ. ზირბითი).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, თბ., 1964.

ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975.

თ. თოდრია