ზროხაკუდი

ზროხაკუდი, ძველად საქართველოში გავრცელებული ლითონის ჩასაბერი მუსიკალური საკრავი. მოიხსენიება „შაჰ-ნამეს” ქართულ ვერსიებში. ს.-ს. ორბელიანის მიხედვით „ზროხაკუდი საყვირია მომცრო”. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით „ზროხაკუდი სამხედრო, სახელდობრ, საომარი საკრავი ყოფილა”. ჰქონდა ძლიერი ხმა და ხშირად იხმარებოდა სპილენძჭურთან ერთად. დღეისათვის საკრავი მივიწყებულია და მისი გარეგნული სახის აღდგენა ჭირს.

ლიტ.: ჩიჯავაძე ო., საკრავები ძველ საქართველოში, თბ., 2009; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.

ი. ჟორდანია