ზუა (zua/zuani/zuana)ურარტული წარწერების მიხედვით დიაუხის ერთ-ერთი სამეფო ქალაქი, ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. სავარაუდოდ ლოკალიზდება თანამედროვე თურქ. ტერიტორიის ჩრდ.-აღმ. ნაწილში. ზ-ს ეტიმოლოგია უცნობია. ძვ. წ. IX–VIII სს. მიჯნაზე ურარტუს მეფე მენუა (ძვ. წ. 810–786) დიაუხის სამეფოში შეიჭრა, აიღო სამეფო ქალაქი შაშილუ და ბრძოლით მიაღწია ზ-მდე. მენუას სამხ. ექსპედიციის შემდეგ დიაუხის სამეფო ცენტრმა შაშილუდან ზ-ში გადაინაცვლა. ძვ. წ. 785 დიაუხის სამეფო ურარტუს მეფე არგიშთი I-მა (ძვ. წ. 786–764) დალაშქრა. აიღო და გადაწვა სამეფო ქალაქი ზ. აქვე ურარტუს მეფემ აღმართა ძლევამოსილი გამარჯვების მაუწყებელი წარწერა. ამის შემდეგ ზ. წერილობით წყაროებში აღარ ჩანს.
ლიტ.: Меликишвили Г. А., Диаухи, «Вестник древней истории», 1950, №4; მისივე, К истории древней Грузии, Тб., 1959; მისივე, Урартские клинообразные надписи, М., 1960.
თ. ჯოჯუა