ერი

ერი (ისტ.), ძველი ქართული ტერმინი, ერთდროულად აღნიშნავდა ხალხსაც და ჯარსაც; წარმოქმნილი უნდა იყოს სამხ. დემოკრატიის ხანაში, როდესაც ხალხი და ჯარი ერთმანეთისაგან განუყრელი იყო. სტრაბონის მესამე გენოსის („მიწისმოქმედნი და მეომარნი”) ქართ. სახელწოდება „ერი” უნდა ყოფილიყო. სტრაბონის დროინდელი ე. იბერიის თავისუფალი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდა, მაგრამ განსხვავდებოდა ძვ. ე-ისაგან, მას აღარ გააჩნდა სუვერენობის ძირითადი ნიშნები (მმართველობის უმაღლესი ორგანოები, საბჭო და სახ. კრება). ყოველი თავისუფალი მიწისმოქმედი მეომარიც იყო. იბერიის თავისუფალი მიწისმოქმედი საზ-ბა საჭირო შემთხვევაში ლაშქრობის ვალდებულიც იყო. შემდეგ თანდათან შეიქმნა მეომართა ფენა, რ-იც მუდმივ სამხ. სამსახურში იმყოფებოდა. მათგან გამოვიდნენ აზნაურ-წარჩინებულთა და მხედართა სოც. წინაპრები. შემდგომ, ფეოდალიზმის განვითარების შედეგად, ე-ის დაშლის პროცესი უფრო გაღრმავდა. ადრინდ. ფეოდ. ხანის ქართ. წყაროებით, წინანდელი თავისუფალი ე. უკვე სხვაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, როცა ამა თუ იმ ფეოდალის სიძლიერეს აღნიშნავდნენ, იტყოდნენ, რომ ის ყველას აღემატებოდა „სიმრავლითა ერთა” („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”). ამ ვითარების შედეგია, რომ ე-ის გვერდით წვრილი ერიც გვხვდება. ეს სახელწოდება პირველად ჯუანშერთანაა დამოწმებული V ს. ამბებთან დაკავშირებით. „წურილი ერი” თავის თავს ე-ს ეძახდა და თავიანთი ადრინდ. უფლებებისათვის ბრძოლას განაგრძობდა. ე-ის ნაშთები მთაში „ჰეროვანთა” სახით, ხოლო ბარში „ერისაგანთა” სახით განვითარებული ფეოდალიზმის ხანაშიც გვხვდება. „ერისაგანნი” თავიანთ „უფალთა” („პატრონთა”) ყმებად ითვლებოდნენ ცალ-ცალკე თუ თემობით და ამის შესაბამისად ემსახურებოდნენ მათ. ისინი ამასთანავე, ლაშქრობის მოვალენიც იყვნენ და ამის გამო ტერმინი „ერისაგანი”, რ-იც სოციალურად „აზნაურს” უპირისპირდებოდა, ჩვეულებრივ მოლაშქრის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. მას შემდეგ, რაც მატერ. დოვლათის მწარმოებელი საზ-ბა ჩვენში ძირითადად „გლეხთა” კლასში გაერთიანდა, ზეპირი თუ მწიგნობრული ტრადიციით „ერი” ხალხისა და ლაშქრის აღსანიშნავად დარჩა, მაგრამ დამოუკიდებელი სოც. შინაარსით აღარ იხმარებოდა. XIX ს. შეცვლილ პოლიტ. და სოც.-ეკონ. ვითარებაში, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანთა ახ. სოც.-ისტ. ერთობის ფორმა – ნაცია, ე. ამ ცნების აღმნიშვნელ სიტყვად იქცა. იხ. აგრეთვე ერი (ნაცია).

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, შრომები, ტ. 1, თბ., 1949.

ა. ბოგვერაძე