ერი, ნაცია (ლათ. natio – ტომი, ხალხი), ადამიანთა დიდი ჯგუფი ან კოლექტიური ერთობა, რომელსაც საერთო კულტ. ნიშან-თვისებები (ენა, ტრადიცია, ზნე-ჩვეულებები და წარმომავლობა) მიეწერება. მათი ერთობლიობა შემდეგ ქმნის ამა თუ იმ ხალხის ეროვნ., ნაციონალურ ხასიათს. ამის შედეგად ყალიბდება ე-ის, ნაციის ანთროპოლ. გაგება, რ-იც კულტ. ან კიდევ ეთნ. ნაციის, ე-ის ცნებას უდევს საფუძვლად. ლათინურენოვან სივრცეში ე. აღნიშნავდა ადამიანთა ერთობას, რ-იც საერთო წარმომავლობით, ენით და ზნე-ჩვეულებებითაა შეკავშირებული. დროთა განმავლობაში ე-ის ცნების სემანტიკური არე ფართოვდებოდა, თუმცა მისი რომაული ძირები მეტწილად მაინც შენარჩუნებული იყო. ახ. დროის აზროვნებაში ამ ცნებამ დიდი გარდატეხა განიცადა, რადგან ამ დროს ე-ების, ჩამოყალიბების პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ფრანგი მოაზროვნის, ჟ. ე. რენანის მიერ ე-ის განსაზღვრების მცდელობა. რენანი თავის ერთ-ერთ ცნობილ მოხსენებაში, რ-იც 1882 წელს სორბონაში წაიკითხა, ე-ის მაკონსტრუირებელ ფაქტორებად წარსულს, აწმყოსა და მომავალს მიიჩნევს, ეს ის სულიერი ფაქტორებია, რ-ებიც ამა თუ იმ ე-ის განსაზღვრას შესაძლებელს ხდის. რენანის აზრით, ესა თუ ის ხალხი ნაციად არ ყალიბდება საერთო რასის, ენის, რელიგიის, საერთო ინტერესებისა და გეოგრ. ადგილმდებარეობის მიხედვით. ე-ს ქმნის საერთო წარსულის მეხსიერება და აწმყოსა და მომავალში ერთად ცხოვრების სურვილი. ე-ის ცნება ფართოდ გამოიყენება სოც. და პოლიტ. მეცნიერებათა კონტექსტში. აქ ხშირად საუბარია ნაციის, როგორც „წარმოსახვითი საზოგადოების” (ბ. ანდერსონი), „პირველად კავშირებზე დაფუძნებული ჯგუფის” (კ. გირცი), „კოლექტივის” (კ. პ. ჰანზენი) და ა. შ. შესახებ. თუკი განსაკუთრებით გამოვყოფთ პოლიტ. მეცნიერებათა კონტექსტს, მაშინ წინა პლანზე გამოდის ე-ის, როგორც სახელმწ. ცნება. აქედან გამომდინარე, გამოიყენება „გაერთიანებული ერებისა” და “გაერთიანებული სახელმწიფოების” ცნება. ამავე კონტექსტში შეიძლება განხილულ იქნეს „კულტურული ერის” ცნება, რ-იც ამა თუ იმ ხალხის ენობრივ და კულტ. სივრცეს (ენა და ტრადიცია) მოიცავს. აქვე შეიძლება ე-ის ცნების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მივაქციოთ ყურადღება. ეს არის „ჩვენის განცდა”, „ენობრივი და რელიგიური ერთობა”. ხშირად სწორედ საერთო რელიგია არის ე-ის განმსაზღვრელი ძირითადი ელემენტი (მაგ., ისრაელი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ხორვატული ნაცია და ა. შ.).
ქართ. აზროვნებაში ე-ის, ეროვნ. ცნობიერების რაობა ოდითგანვე საფუძვლიანად იყო გააზრებული. აქ მაგალითად შეიძლება მოვიხმოთ გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, სადაც ენობრივი და რელიგ. ერთობა ე-ის, ქვეყნის (ამ შემთხვევაში ქართლის, საქართველოს) განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია. ქართ. აზროვნებაში ე-ის განსაზღვრების ფუნდამენტური კვლევები დაკავშირებულია მ. წერეთლის მნიშვნელოვან სოციოლოგიურ გამოკვლევასთან – „ერი და კაცობრიობა” (1910), რ-შიც ე-ის ცნება საზ. მეცნ. ჭრილშია გაშუქებული მ. წერეთლის აზრით, ე. არის „სოციალური სუპერორგანიზმი”, რ-იც შედგება ერთგვარი ან მრავალგვარი ეთნ. და სოც. ერთეულებისაგან; დროთა განმავლობაში, მას შეუძლია, შექმნას „საერთო მოწესრიგებული ერთობა”, ანუ საზოგადოება თავისი ყველა შემადგენელი ნაწილით: ენით, სარწმუნოებით, მეცნიერებით, ზნეობით, ხელოვნებით, სამართლით, პოლიტიკით და განსაკუთრებული ისტორიით. ეს ერთობა წარმოდგება, როგორც „სრული ინდივიდუალობა”, რ-საც საკუთარ თავზე რეფლექსია, თვითრეფლექსია, ანუ „თვითშეგნება” ახასიათებს. უნდა ითქვას, რომ მ. წერეთლის მიერ გამოკვეთილი ე-ის ცნება ისეთ მომენტებს მოიცავს, რ-თაგან ზოგიერთი ე-ის (ნაციის) დღევანდელი გაგების მაკონსტრუირებელ ელემენტს წარმოადგენს. ე-ის ცნების განხილვის მომდევნო, მეტად საინტერესო მცდელობა ქართულ აზროვნებაში დაკავშირებულია ა. ჯანელიძის ნაშრომთან „ეროვნული შემოქმედება” (1914). ამ ნაშრომში ე-ის, ეროვნების ცნება „სიცოცხლის ფილოსოფიის” კონტექსტშია განხილული და წინა პლანზე წამოწეულია ე-ის, როგორც „ცოცხალი ორგანიზმის”, გაგება. აქ ე-ის სპეციფ. ნიშან-თვისებად მიჩნეულია ენა. აღსანიშნავია, რომ ე-ის გაგების ის მოდელი, რ-იც ა. ჯანელიძემ გამოკვეთა, მ. წერეთლის ზემოთ დასახელებული ნაშრომის ძლიერ გავლენას განიცდის. დასასრულ უნდა აღინიშნოს ნ. ნათაძის ნაშრომი „ერი და ეროვნული კულტურა”, რ-შიც ე. გაგებულია, როგორც ადამიანთა დიდი ერთობა”. ამ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ამა თუ იმ ე-ს, მხოლოდ საერთო ენობრივი და კულტ. მსგავსება კი არ ქმნის, არამედ „ერთობლივი მიზანი”, რაც “საერთო კულტურული ცნობიერების” წინაპირობაა, რ-იც, თავის მხრივ, საზ. ცნობიერების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს.
ლიტ.: ანდერსონი ბ., წარმოსახვითი საზოგადოებანი, თარგმნა რ. გოცირიძემ, თბ., 2003; გელნერი ე., ერები და ნაციონალიზმი, თარგმნა ნ. ცინცაძემ, თბ., 2003; ნათაძე ნ., ერი და ეროვნული კულტურა, თბ., 1990; წერეთელი მ., ერი და კაცობრიობა, თბ., 1990; ჯანელიძე ა., ეროვნული შემოქმედება, თბ., 1997; ; H a n s e n K. P., Kultur, Kollektiv, Nation, Passau, 2009; R e n a n E., Qu’est-ce qu’une nation?, P., 1882; S c h m i t t C., Der Begriff des Politi schen
თ. ირემაძე