ერიო ედუარ

ერიო (Herriot) ედუარ (5. VII. 1872, ქ. ტრუა, – 26. III. 1957, პარიზი), საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი. რადიკალ-სოციალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ეროვნ. კრების (პარლამენტის) დეპუტატი და მისი თავ-რე; 1946-იდან საფრ. მეცნ. აკად. წევრი, მშვიდობის საერთაშ. პრემიის ლაურეატი (1955). ე-ს დიდი დამსახურება მიუძღვის საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის საერთაშ. ცნობის, ხოლო 1921-იდან – რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსიის შემდეგ – მისი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში. 1922 საფრ. დეპუტატთა პალატის წინაშე გამოსვლისას ე-მ აღნიშნა: „საქართველოს სუვერენობა ცნობილ იქნა მოკავშირე-სახელმწიფოების მიერ (იგულისხმება „ანტანტის” ქვეყნები), იგი ცნო სრულიად გარკვეული ხელშეკრულებით (1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის) რუსეთმა. ვთხოვ მთავრობის თავმჯდომარეს, კეთილი ინებოს და მოგვახსენოს, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს ამ დამოუკიდებლობას”. პრემიერ-მინისტრის რ. პუანკარეს თანხმობითა და მხარდაჭერით, დეპუტატთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო სათანადო დადგენილება. პუანკარესთან ერთად ე-ს წვლილი იმითაც გამოიხატება, რომ 1934-მდე პარიზში საელჩოს სტატუსით არსებობდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის ოფიც. წარმომადგენლობა. ე-ს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ქართ. პოლიტ. ემიგრაციის არაერთ გამოჩენილ წარმომადგენელთან.

ლ. ურუშაძე