ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (5. VII. 1873, თბილისი, – 10. II. 1955, პარიზი), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1917), ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, გენერლების ნ. ბ. ერისთავის ძე და გ. ნ. ერისთავის ძმა. დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, მიხეილის საარტ. სასწავლებელი (1895) და მიხეილის საარტ. აკადემია (1903). მსახურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსანთა არტილერიაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომში, იყო ყუბანის კაზაკთა ბატარეის შემადგენლობაში. 1910 მიავლინეს პარიზში რუს. სამხ. ატაშეს განკარგულებაში. 1911–14 პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსანთა არტილერიას. 1915 ჩარიცხეს იმპერატორის ამალაში და დანიშნეს კავალერგარდთა პოლკის მეთაურად. შემდეგ მეთაურობდა კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსის მე-3 საკავალერიო დივიზიის პირველ ბრიგადას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1917 აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსის მეთაურად. 1917 თბილისში დაბრუნდა. მსახურობდა ქართ. არმიაში. 1918–21 იმყოფებოდა ქ. ანკარაში (თურქეთი) საქართვ. სამხ. მისიის შემადგენლობაში, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. სათავეში ედგა „რუს სამხედრო ინვალიდთა კავშირს” და „იმპერატორ ნიკოლოზ II-ის წმინდა ხსოვნის დამცველთა კავშირს”. დაჯილდოებულია წმ. ანას I ხარისხის, წმ. გიორგის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორთა ჯვრით, იტალიის წმ. მავრიკისა და ლაზარეს ორდენის კომანდორთა ჯვრით და იზაბელას ორდენის კომანდორთა ჯვრით (ესპანეთი). დაკრძალულია პარიზთან სენტ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.
ლიტ.: Гогитидзе М., Военная элита Кавказа, I, Тб., 2007; Джавахишвили Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2003.
მ. გოგიტიძე