ერისთავი დიმიტრი შანშეს ძე (1805 – გ. წ. უცნობია), 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე, ე. შ. ერისთავის ძმა. 1825 მამამ სასწავლებლად პეტერბურგში გაგზავნა, იქვე დაამთავრა საარტ. სასწავლებელი არტილერიის პრაპორშჩიკის ჩინით; 1832 წ. 16 აპრილს თბილისში დაბრუნდა. პეტერბურგში ყოფნის დროს ე. დაუკავშირდა შეთქმულების ერთ-ერთი პირველი მოთავის, დიმიტრი ბატონიშვილის ჯგუფს, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ მისი ძმა ე. ერისთავი, დ. ორბელიანი, დ. ჯორჯაძე და სხვ. სამშობლოში მიმავალი მოსკოვში გაჩერდა, დაუკავშირდა ოქროპირ ბატონიშვილის შეთქმულთა ჯგუფის წევრებს და გარკვეული დავალებით თბილისში ჩამოვიდა. შეთქმულების გაცემის შემდეგ ე. მიაკუთვნეს დამნაშავეთა მესამე კატეგორიას, რ-ნიც „ქმედითად მონაწილეობდნენ შეთქმულებაში და აჯანყების მოწყობის თანახმანი იყვნენ”, თუმცა იგი მალე შეიწყალეს და სამხ. სამსახურში აღადგინეს. ძმასთან ერთად სოფ. ღვარებში (გორის მაზრა) ფლობდა შუშის ქ-ნას, სადაც ასამდე კაცი იყო დასაქმებული.
ლიტ. იხ. სტ-თან ერისთავი ელიზბარ.
გ. ნარსია