ერისთავი ელიზბარ შანშეს ძე (1808/10 – 11. I. 1871, გორი), საზოგადო მოღვაწე, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური და საერთო ხელმძღვანელი (იხ. შეთქმულება 1832 წლისა), დ. შ. ერისთავის ძმა. 1823–30 ცხოვრობდა პეტერბურგში. აქვე დაამთავრა საარტ. სასწავლებელი. 1830 საქართველოში ჩამოვიდა და არტილერიის პოდპორუჩიკის ჩინით სამსახური დაიწყო კავკ. გრენადერთა არტილერიის მესამე მსუბუქ ასეულში, რ-იც ლორეში იყო დაბანაკებული. მამის გარდაცვალების შემდეგ სამხ. სამსახურს თავი გაანება. მუდმივად ცხოვრობდა ქ. გორში. ე. პეტერბურგში ყოფნის დროს ხშირად სტუმრობდა ერთ-ერთი მეთაურის – დიმიტრი ბატონიშვილის სალონს, პეტერბურგიდან გამომგზავრებისას მას დაევალა საქართველოში თანამოაზრეთა ჯგუფის შექმნა. ე-მა ჩამოსვლისთანავე მოიპოვა შეთქმულებს შორის საერთო ავტორიტეტი და, როგორც თანამზრახველები ამბობდნენ, „დიდად ცდილობდა და ყოველ ადგილს მიმსვლელი ის იყო და შუა კაცი”. მან ურჩია ს. დოდაშვილს, საზ-ბის სულიერი მომზადების მიზნით, გაზეთის გამოცემა, გ. ორბელიანს კი – რილეევის ლექსის „ნალივაიკოს აღსარების” თარგმნა. ე-მა ა. ორბელიანთან ერთად კავშირი დაამყარა ირანში ლტოლვილ ალექსანდრე ბატონიშვილთან, გაცხოველებული კონსპირაციული კონტაქტი ჰქონდა დიმიტრი, ოქროპირ და სხვა ბატონიშვილებთან. ცდილობდა შეთქმულებაში დას. საქართველოს ჩაბმას, რისთვისაც იმერეთში სპეც. ემისარი გაგზავნა. ე. თავის ძმასთან, დიმიტრისთან, ერთად დაუკავშირდა საქართველოში გადმოსახლებულ პოლონეთის აჯანყების მონაწილეებს, ცდილობდა აჯანყების დროს მათი სამხ. ცოდნის გამოყენებას. ქართლში გაფრთხილებული ჰყავდა 12 მამასახლისი, რ-ებიც დამხმარე ძალით უნდა მიშველებოდნენ აჯანყებულებს. ე-მა ზ. ჩოლოყაშვილსა და ა. ჭავჭავაძესთან ერთად შეიმუშავა აჯანყების საერთო გეგმა. იგი ე. წ. „პირველი ღამის განკარგულების” თანახმად, აჯანყების შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. შეთქმულების გაცემის შემდეგ ე-ს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი ჰელსინგფორსში (ფინეთი) გადასახლებით შეუცვალეს. აქ მან 11 წელიწადი დაყო. 1845 წ. 18 მაისს სამშობლოში დაბრუნდა. იგი აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტ. და ეკონ. ცხოვრებაში. ყოველნაირად ცდილობდა საზოგადოებისათვის ჩაეგონებინა, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარი იყო ცოდნის დაუფლება. მან თავის ძმასთან, დიმიტრისთან, ერთად სოფ. ღვარებში (ატენთან) ააგო შუშის ქ-ნა, რ-იც ორჯერ დაიწვა, მაგრამ ორჯერვე აღადგინა. ე. პირადად გაემგზავრა ბოჰემიაში, რათა ადგილზე შეესწავლა და გადმოეღო იქაური შუშის ქარხნების მუშაობის მეთოდები. 1869-იდან გორის მაზრის უფროსი გახდა, იქვე აიშენა და ევროპულად მოაწყო სახლი, მაზრაში გაავრცელა ევრ. ჯიშის ხეხილი.
ლიტ.: ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1980; გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76; გოცაძე მ., ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, [ნაწ.] 1, თბ., 1954; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. ნარსია