ერისთავი კონსტანტინე დავითის ძე [22. I (3. II). 1889, სოფ. სალომინაო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 12. III. 1975, თბილისი], ქირურგი და საზოგადო მოღვაწე. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1950). მედ. მეცნ. დოქტორი (1926), პროფესორი (1929), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941). 1914 დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. I მსოფლიო ომის დროს მოქმედ არმიაში მსახურობდა. 1918-იდან მუშაობდა საქართველოში. 1928–41 (1931-მდე თსუ-ში) განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–50 – საფაკულტეტო ქირურგ., ხოლო 1949–60 – ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრებს თბილ. სამედ. ინ-ტში. 1938–41 იყო თბილ. რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, 1941–50 – თბილ. სამედ. ინ-ტის, 1948–50 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინ-ტის, 1950–74 კი – ექსპერ. და კლინ. ქირურგ. ინ-ტის დირექტორი. 1951–55 ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბიოლოგიისა და მედ. განყ-ბას. 1957–72 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნ. საბჭოს თავ-რე. ე-მა საქართველოში დანერგა გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვ. ოპერაციები. ასევე ითვლება სისხლის გადასხმის, სინთეზური მასალის გამოყენებისა და გაუტკივარების ერთ-ერთ პიონერად. დიდი დამსახურება მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის დარგების განვითარებაში. იკვლევდა ინფიცირებული ჭრილობის, ჩირქოვანი პლევრიტის, ღვიძლის ექინოკოკის, წყლულოვანი დაავადების, სანაღვლე გზებისა და სხვ. ქირურგ. მკურნალობის მეთოდებს. თანამშრომლებთან ერთად დაამუშავა სისხლძარღვთა ტრანსპლანტაციის, ინდუცირებული სიმსივნის განვითარების საკითხები. შეიმუშავა პოსტტრანსფუზიული გართულებებისა და დამწვრობის მკურნალობის მეთოდი და სხვ. სისხლძარღვთა აღდგენით ქირურგიაში გამოკვლევებისათვის 1975 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (გ. იოსელიანთან, დ. კანდელაკთან და მ. კომახიძესთან ერთად). ე. იყო საქართვ. ქირურგ. საზ-ბის საპატიო თავ-რე, ამიერკავკ. ორი უკანასკნელი მოწვევის ცაკის (1931, 1935), საქართვ. სსრ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალ. შრომის გმირი (1966). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: სწრაფი სიკვდილის მექანიზმი ცხიმოვანი ემბოლიის დროს, ტფ., 1926; მოგონება, თბ., 1973; Восстановительная хирургия облитерирующего атеросклероза терминального отдела брюшной аорты и ее дистальных ветвей, Тб., 1968 (თანაავტ.: Д. И. Канделаки, В. С., Крылов).
ლიტ.: საყვარელიძე ს., კონსტანტინე ერისთავი, თბ., 1961.