ერისთავი მზია ალექსანდრეს ასული (20.VII.1906, ქუთაისი, – 23.III.1983, თბილისი), პედაგოგ-მეთოდისტი, ბავშვთა და მოზარდთა სამხარეთმცოდნეო ტურიზმისა და ალპინიზმის ფუძემდებელი საქართველოში, ბავშვთა და მოზარდთა ფენოლოგიური მუშაობის დამნერგავი საქართვ. სკოლებში, მთარგმნელი, სახ. განათლების წარჩინებული (1946), ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1961). 1929 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტის იურიდიული განყ-ბა. მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. 1941 საქართვ. პიონერთა და მოსწავლეთა რესპ. სასახლეში (ამჟამად საქართვ. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლე) დააარსა ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტი. 1952 მთავრობის დავალებით ჩამოაყალიბა ბავშვთა ცენტრ. საექსკურსიო-ტურისტული სადგური, რ-საც 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ სადგურში შეიქმნა ნორჩ მხარეთმცოდნე მოგზაურთა და ნორჩ ფენოლოგთა ცენტრები, ნორჩ მხარეთმცოდნე მოგზაურთა ბანაკების სისტემა საველე პირობებში (თრიალეთის ქედი, იალნოს ქედი, გუჯარეთის ხეობა, გუდაუთა, შაორი და სხვ.), სადაც ფიზ. წვრთნასთან ერთად იმართებოდა ნორჩ მხარეთმცოდნეთა კონფერენციებიც. 1952–64 ე-ის ხელმძღვანელობით საქართვ. სხვადასხვა ქალაქში დაარსდა ბავშვთა ტურისტული ბაზები. ფენოლოგიური მუშაობა გაიშალა საქართვ. 130 სკოლაში (ყოველ რ-ნში შერჩეული იყო 2–3 სკოლა, რ-ებიც ზღვის დონიდან განსხვავებულ სიმაღლეზე მდებარეობდა). ყოველწლიური მონაცემების საფუძველზე შეიქმნა ფენოლოგიური რუკები, სქემები და გრაფიკები. ე-მა თარგმნა რ. რასპეს „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი” და საბავშვო ზღაპრები (ფრანგულიდან). იგი არის ავტორი რამდენიმე ფუძემდებლური მეთოდური ინსტრუქციისა. დაბადებიდან 90 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ე-ის სახელი მიენიჭა საქართვ. ახალგაზრდობის ტურიზმის ცენტრს. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: მოგონებანი დეიდა მზიაზე. კრებული, თბ., 1999; დეიდა მზია, თბ., 2010.
მ. უთმელიძე