ერისთავი მიხეილ სიმონის ძე

ერისთავი მიხეილ სიმონის ძე [15(28). II. 1910, ჩოხატაური, – 7. IX. 1962, სოფ. შროშა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში], გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1962). 1936 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1940-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოლ. ინ-ტში (1942–44 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში); 1960-იდან იყო ინ-ტის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლ. განყ-ბის გამგე. 1945-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმის პედ. ინ-ტში, 1949-იდან – ა. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას სახელმწ. უნ-ტი). იკვლევდა საქართველოს, შემდეგ კი მთელი კავკ., ყირიმისა და კარპატების ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიას. კავკ., ყირიმის, თურქმენეთის, დას. ევრ. და ჩრდ. აფრიკის ქვედაცარცული ნალექების შეპირისპირებით საფუძველი ჩაუყარა ალპ. ზონის უნიფიცირებული, სტრატიგრაფიული სქემის შექმნას. იკვლევდა აგრეთვე ტექტონ. საკითხებს. იყო საერთაშ. გეოლ. კონგრესის ხმელთაშუა ზღვის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიის საერთაშ. კომიტეტის წევრი (1962). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Грузинская глыба и смежные области в нижнемеловое время, «გეოლოგიური ინსტიტუტის შრომები». გეოლოგიური სერია, 1952, ტ. 6(11); Нижнемеловая фауна Грузии, Тб., 1955; Сопоставление нижнемеловых отложений Грузии и Крыма, М., 1957; Нижний мел Кавказа и Крыма, Тб., 1960; Подразделение нижнего мела Альпийской зоны, Тб., 1962.

ვ. ჯავრიშვილი