ერისთავი რევაზ შალვას ძე

ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827, სოფ. ოძისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 1899), პოეტი, მთარგმნელი. XIX ს. 50–60-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნ. „ცისკართან”. პოპულარული იყო მისი ლექსები „ბიძაჩემს ყაფლანს” და „ყაფლან ორბელიანს”. ე-მა თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოებები. ი. კოზლოვის პოემის „შეშლილის” ერისთავისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ი. ჭავჭავაძემ („ცისკარი”, 1861, N4), რითაც დაიწყო „მამებისა” და „შვილების” ბრძოლა. ე-ის წერილს „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა” („ცისკარი”, 1861, №5) ი. ჭავჭავაძე გამოეხმაურა სტატიაში „პასუხი” („ცისკარი”, 1861, N6).

ნ. ალანია