ერისთავ-წერეთელი ეკატერინე ივანეს ასული (დ. წ. უცნობია, სოფ. ქვეში, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 4. XII. 1870, იქვე, დაკრძალულია იკორთის ტაძარში), პოეტი. განათლება მიიღო ოჯახში. მისი ლექსები იბეჭდებოდა „ცისკარში” (1852–73). უმეტესობა გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ: „უსტარი თ. გ. ერის(თავს)”, „ახალი დრო”, „ბორჯომზედ”, „თეთრო, სპეტაკო, ლამაზო”, „მუზნო მომართეთ”, „ალბომში”, „ოცნება” და სხვ. ე.-წ-ის ლირ. თხზულებანი, მიძღვნანი და საალბომო ლექსები ეპოქის დამახასიათებელი, სალონური, სუბიექტური განცდებითაა აღსავსე. გადმოსცემენ იმ დროის საზ. და პოლიტ. ვითარებას („კნ. მანანა ორბელიანის პორტრეტს”, „ვორონცოვის ძეგლს”).
ლიტ.: მეგრელიძე ი., წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში, «მოამბე», 1963, N3; ნანიტაშვილი ლ., ჟურნალ „ცისკრის” პოეტები, თბ., 1967; ხუციშვილი ს., ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, თბ., 1961.
ს. ხუციშვილი