ერკეთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის გავრცელებული სახელწოდება. ე-ში ადამიანის ცხოვრების კვალი წინაკლასობრივი ეპოქიდან დასტურდება. შემდგომ პერიოდში ცალკე „ქვეყნის” ცენტრად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით ე. შევიდა გურიის საერისთავთერისთავოში, ხოლო გვიანდ. შუა საუკუნეებში აღმ. გურიის ერისთავთა (შერვაშიძეთა) სამფლობელო გახდა. ოსმალთა მოძალების დროს (XV–XVI სს.) ზემო ე-ში დასახლდნენ სამხრ. საქართველოდან გადმოსული ლტოლვილები (გიორგაძეები, მგალობლიშვილები და სხვ.). XIX ს-ში რუს. მმართველობის შემოღებიდან სოფ. ჩოხატაურის საპოლიციო უბანს მიეკუთვნა. XIX ს. 70-იან წწ-ში ზემო ე. აერთიანებდა ბუკისციხეს, ზოტს, იანეულს, ნაბეღლავს, თანჭიქედს, საყვავისტყეს, ქვაბლიას, ხევს, ჩხაკოურას, სულ 645 კომლი მოსახლეობით. სამამასახლისოს ცენტრი იყო ე. XIX ს. 70-იან წლების დასასრულს ზემო ე-ში დაარსდა სამრევლო სკოლა, ხოლო 1891 – ორკლასიანი სამონასტრო სკოლა.
ლიტ.: უჯმაჯურიძე ა., სოფელ ერკეთის ისტორიიდან (1861–1905 წწ.), «თსუ შრომები», 1982, ტ. 227.
ფ. სიხარულიძე