ერმაკოვი დიმიტრი ივანეს ძე [1846, თბილისი, – 28. X(10. XI). 1916, იქვე], ფოტოხელოვანი, მხატვარი, კოლექციონერი. ფოტოგრაფირება დაიწყო 1866-იდან. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართვ. ერის მატერ. კულტ. ძეგლების შესწავლის, შეკრებისა და ფიქსირების საქმეში. 1870 რუს. გეოგრ. საზ-ბისათვის ტრაბზონიდან (თურქეთი) პეტერბურგში გაგზავნა თორთუმის ოლქში გადაღებული სურათები, ეს არის სამხრ. საქართველოში არსებული ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების პირველი ფოტოფიქსაცია. 1880 თბილისში, სასახლის ქუჩაზე (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზირი) გახსნა ფოტოატელიე. 1897 აირჩიეს ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკ. საზ-ბის წევრ-კორესპონდენტად, 1912 – ამავე საზ-ბის დამფუძნებელ წევრად, 1907 – მოსკ. არქეოლ. საზ-ბის კავკ. განყ-ბის წევრად. 1910 მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ ლეჩხუმ-სვანეთის ექსპედიციაში, გადაიღო 900-მდე ფოტოსურათი (მ. შ. იყო ის ძეგლებიც, რ-ებიც შემდგომ განადგურდა). ე-მა განსაკუთრებული სიყვარულითა და მაღალი პროფესიონალიზმით ასახა ფოტოფირებზე ძვ. თბილ. ხედები, ქუჩები, მოედნები, ცალკეული შენობა-ნაგებობანი, დუქან-სახელოსნოები, საზ-ბის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. მისი ნამუშევრები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის XIX ს. დასასრ. და XX ს. დასაწყ. ქართ. ყოფაზე. ე-ის ფოტონეგატივები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმსა და შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში.
ლიტ.: ინასარიძე შ., საქართველოს მესურათხატენი, თბ., 2002; Герсамия Т., Творческое наследие Дмитрия Ермакова, «Советское фото», 1985, №12; მისივე, Dmitry Jermakov, Zeitzeugnisse einer vergangenen Epoche, «Photographie», 1987, N10.
თ. გერსამია
ზ. შავიანიძე