ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას), ლოგიკურად თანამიმდევრული და ურთიერთშეთავსებადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საბალანსო ცხრილების ინტეგრირებული სისტემა. გამოიყენება საერთაშ. მასშტაბით შეთანხმებული ცნებების, განსაზღვრებების, კლასიფიკაციებისა და აღრიცხვის წესების საფუძვლად, მაკროეკონომიკური ანალიზის, ეკონ. პოლიტიკის ფორმირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეას წარმოიშვა XX ს. 30-იანი წლების ბოლოს და 40-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ქვეყნებში საბაზრო ეკონ. რეგულირებისათვის მაკროეკონ. ხასიათის ინფორმაციაზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. მას საფუძვლად უდევს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების პრინციპი, სადაც ყოველ ოპერაციას განიხილავენ როგორც გამყიდველის შემოსავალს და მყიდველის ხარჯს; ეას-ში კი აღირიცხება არა ცალკეული სავაჭრო ოპერაციები, არამედ გარიგებები მწარმოებლებს, მომხმარებლებსა და სახელმწ. (ინსტიტუციური ერთეულები, ინსტიტუციური სექტორები, მთელი ეკონომიკა) შორის საქონლისა და მომსახურების წარმოების, შემოსავლების განაწილებისა და გადანაწილების, ეროვნული სიმდიდრის მაფორმირებელი აქტივების დაგროვებისა და ეკონ. პროცესების სხვა ასპექტებში. ეას-ის წარმოების პრინციპებია ეკონ. ერთ მთლიანობაში წარმოჩენა, მისი სექტორებად, საქმიანობის სახეობებად, შემოსავლებისა და ხარჯების მიმდინარე და კაპიტ. ნაკადებად დაყოფა, აგრეთვე ანგარიშებში ორმაგი ჩაწერა. ეას ძირითადად ემყარება ანგარიშების თანამიმდევრულ შედგენასა და სასაქონლო ნაკადების მეთოდს. ეას-ში ანგარიშები კლასიფიცირდება ეკონ. სექტორების, ეკონომიკური საქმიანობის სახეობების, ეკონომიკური ოპერაციებისა და მთლიანად ეკონ. (კონსოლიდირებული) მიხედვით. ეროვნ. ეკონ. სექტორების ანგარიშებია მიმდინარე და დაგროვების ანგარიშები, აქტივებისა და პასივების ბალანსები. თითოეული სექტორისათვის დგება ანგარიშების სრული სია, ყოველი დარგისათვის – წარმოებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშები. ეას-ში ერთ-ერთი ცენტრ. ადგილი უკავია ე. წ. დანახარჯებისა და გამოშვების საბალანსო ცხრილებს, რ-ებიც იყოფა საქონლისა და მომსახურების, რესურსებისა და მათი გამოყენების, დანახარჯი-გამოშვების სიმეტრიულ (საბჭოური პერიოდის ეკონ. ლიტ-რაში – ე.წ. დარგთაშორისი ბალანსები) ცხრილებად. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ეას-ის დანერგვის სამუშაოებს ახორციელებს გაეროს 1993 წ. ვერსიით, რ-შიც წინა ვერსიებისაგან (1952, 1968) განსხვავებით ჩართულია ჩრდილოვანი ეკონომიკა და იურიდიულად აკრძალულ საქმიანობათა სახეები. ამჟამად მუშავდება ეას-ის ახ., მოქმედთან შედარებით კიდევ უფრო გაფართოებული ვერსია. ეას-თან მჭიდრო კავშირშია აგრეთვე ე. წ. სატელიტური (ეკოლოგიის, ტურიზმის და სხვ.) ანგარიშები, რ-ებიც არ აისახება მის ძირითად სქემაში. ეას მრავალი პარამეტრის მიხედვით დაკავშირებულია საგადამხდელო ბალანსსა და სხვა მაკროეკონ. მოდელებთან, მაკროეკონ. სტატისტიკასთან, მეცნ. სხვა დარგებთან (დემოგრაფია, სოც. სტატისტიკა, მათემატიკა, ეკონომეტრიკა და სხვ.). საქართველოში ეას-ის დამკვიდრება სტატისტ. დეპარტამენტმა დაიწყო XX ს. 90-იანი წლებიდან.
ლიტ.: მარშავა ქ., მინდორაშვილი მ., ეროვნულ ანგარიშთა სისტემა. თეორია, პრაქტიკა, ანალიზი, თბ., 2009; სულავა ნ., ეროვნული ანგარიშწარმოების ძირითადი პრინციპები, «ეკონომიკა», 1993, N10–11; Иванов Ю. Н., Основы национального счетоводства, М., 2005; Система национальных счетов, М., 2001; Measuring the Non-Observed Economy. A. Handbook, P., 2002.
ი. არჩვაძე