ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი პირველი მემარჯვენე, არასოციალისტური პარტია საქართველოში. ეროვნ. დემოკრატიზმი, როგორც საზ. აზროვნების მიმართულება, ქართ. სინამდვილეში XIX ს. 60-იან წლებში წარმოიშვა. მომავალი პარტიის იდეოლ. საფუძვლები ი. ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულთა თეორ. ნააზრევში ჩამოყალიბდა. საკუთარი პარტიის შექმნამდე ეროვნ.-დემოკრ. მსოფლმხედველობის მიმდევართა ერთი ჯგუფი „ივერიის”, ხოლო მეორე „ცნობის ფურცლის” გარშემო იყო თავმოყრილი. „ცნობის ფურცელი” 1901–02 წლებში უშვებდა პროკლამაციებს „ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის” ან „ქართველ დემოკრატთა კომიტეტის” სახელით. ეროვნ.-დემოკრატ მოღვაწეთა ნაწილი 1906 სოციალ.-ფედერალისტთა პარტიაში გაერთიანდა და მისი მემარჯვენე ფრთა შეადგინა. იგი იზიარებდა საქართვ. ავტონომიის ლოზუნგს, მაგრამ არ თანაუგრძნობდა ფედერალისტთა სოციალ. იდეოლოგიას. 1905–06 ეროვნ.-დემოკრატებმა სცადეს დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბება. პოლიტ. ორგანიზაციის საპროგრამო დოკუმენტებზე სხვებთან ერთად მუშაობდა ი. ჭავჭავაძეც. 1905 დაბეჭდეს და გაავრცელეს პროგრამა („საქართველოს დემოკრატია და მისი პროგრამა”), შეადგინეს წესდება, თუმცა იმხანად საქმე წინ ვერ წავიდა. ი. ჭავჭავაძის მკვლელობამ კი პარტიის შექმნა კიდევ უფრო შეაფერხა. 1906 აგვისტოში ეროვნ.-დემოკრატებმა განიზრახეს თბილისში ქართ. ენაზე გამოეშვათ ყოველდღიური გაზ. „ავტონომიური საქართველო”, მაგრამ ეს წამოწყება ვერ განხორციელდა. მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოსცეს რუსულენოვანი გაზეთი „გრუზინსკაია მისლ”. 1907 ივლისში ეროვნ.-დემოკრატთა ინიციატივით შედგა პეტიცია „საქართველოს ხალხის მემორანდუმი” და შეგროვდა 2 ათ. ხელმოწერა, რ-იც გაეგზავნა ჰააგაში შეკრებილ მსოფლიოს სახელმწიფოთა სამშვიდობო კონფერენციას. დოკუმენტი მიმართული იყო რუს. თვითმპყრობელობის ძალმომრეობის წინააღმდეგ და ოფიციალურად სვამდა საქართველოს ავტონ. საკითხს. 1909 ეროვნ.-დემოკრატთა ერთმა ჯგუფმა თბილისში დააარსა ყოველკვირეული ჟურნ. „ერი”. 1912 თბილისში შეიქმნა ეროვნ.-დემოკრატთა ახალი მძლავრი ჯგუფი (რ. გაბაშვილი, დ. ვაჩნაძე, შ. ქარუმიძე, გ. მაჩაბელი, შ. ამირეჯიბი და სხვ.), რ-მაც დააფუძნა ყოველკვირეული ჟურნ. „კლდე”. ქუთაისში მოღვაწე ეროვნ.-დემოკრატები (ვ. წერეთელი, ი. ოცხელი, ა. თორაძე, ი. ეკალაძე, ა. ასათიანი და სხვ.) 1911-იდან შემოკრებილნი იყვნენ სამი გაზეთის („კოლხიდა”, „იმერეთი” და „სამშობლო”) გარშემო. 1913 პ. სურგულაძემ და გ. კერესელიძემ ჟენევაში დააარსეს ჟურნ. „თავისუფალი საქართველო”, რ-იც ასაბუთებდა და მოითხოვდა საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენას. ეროვნ.-დემოკრ. ძალების საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე. ევროპაში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი (პ. სურგულაძე, ძმები ლ. და გ. კერესელიძეები, მ. წერეთელი, გ. მაჩაბელი, შ. ქარუმიძე და სხვ.), რ-მაც სამშობლოს მომავალი ბედი გერმანიას დაუკავშირა და კურსი ევროპისკენ აიღო. 1914 უცხოეთიდან დაბრუნებულმა ს. კედიამ გააერთიანა ეროვნ.-დემოკრატთა ცალკეული ჯგუფები, 1915 დაარსდა გაზ. „საქართველო”. 1917 წ. 12 მარტს ეროვნ.-დემოკრატთა მხარდაჭერითა და აქტ. მონაწილეობით აღდგა ქართ. ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 1917 აპრილში ჩამოყალიბდა ინტერპარტიული ეროვნ. საბჭო. 1917 წ. 4–20 ივნისს თბილისში შედგა ე.-დ. პ-ის დამფუძნებელი ყრილობა (კონფერენცია), რ-მაც მიიღო პარტიის პროგრამა და წესდება. აირჩიეს პარტიის მთ. კომიტეტი (ა. ასათიანი, რ. გაბაშვილი, გ. ვეშაპელი, დ. ვაჩნაძე, გ. გვაზავა, ს. კედია, ვ. წერეთელი, გ. ქიქოძე და სხვ.), პირველი თავ-რე (ს. კედია) და პარტიული ორგანოს – გაზ. „საქართველოს” რედაქტორი (გ. ვეშაპელი). პარტიის პროგრამა სამ ძირითად დებულებას ემყარებოდა: ეროვნ. სუვერენობის იდეა (პოლიტ. ავტონომია), კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის დემოკრ. ხასიათი. პროგრამა უარყოფდა სოციალიზმს. წესდების თანახმად, პარტიის უმთავრესი ორგანო იყო ყრილობა, რ-საც წელიწადში ერთხელ იწვევდნენ. ყრილობიდან ყრილობამდე ორგანიზაციის საქმიანობას ხელმძღვანელობდა მთავარი კომიტეტი და მისი პრეზიდიუმი. პარტიის სტრუქტურა ეფუძნებოდა ტერიტ. დაყოფის პრინციპს. გარდა ადგილ. ორგანიზაციებისა, არსებობდა სასოფლო, საქალაქო და სამაზრო კომიტეტები. ე.-დ. პ. თავს ზეკლასობრივ, მთელი ერის ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციად მიიჩნევდა. პარტია თავის რიგებში აერთიანებდა თავადაზნაურობის პროგრ. ნაწილს, მეწარმე-მრეწველთა, მეურნე გლეხთა და ქართვ. ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. 1917 წ. ოქტომბერში ე.-დ. პ-ს ჩამოსცილდა მცირერიცხოვანი ჯგუფი (დ. ჩიქოვანი, ა. ახმეტელი, თ. სახოკია, დ. არონიშიძე და სხვ.), რ-იც საქართვ. რადიკალ-დემოკრ. გლეხთა პარტიად გაფორმდა. 1918 სექტ. ე.-დ. პ-ს კიდევ ერთი ჯგუფი გამოეყო (გ. ვეშაპელი, რ. გაბაშვილი, დ. ვაჩნაძე, გ. მაჩაბელი, შ. ამირეჯიბი და სხვ.). ჯგუფმა თავდაპირველად დააარსა, დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრ. პარტია, შემდეგ ეროვნული, უფრო მოგვიანებით კი (1920) მიწის მესაკუთრეთა ეროვნ. პარტია უწოდა. მისი პერიოდული ორგანოები იყო: გაზ. „კლდე” (1918–20; 1919 გაზეთი ზოგჯერ „ახალი კლდის”, „პიტალო კლდის” სახელწოდებით გამოდიოდა), „ნაციონალისტი” (1926), „მიწა” (1920–21). ე.-დ. პ-ის დიდი ძალისხმევით ინტერპარტიულმა ეროვნ. საბჭომ 1917 წ. ნოემბერში მოიწვია საქართვ. პირველი ეროვნ. ყრილობა, რ-მაც აირჩია საქართვ. ეროვნ. საბჭო, სადაც თავდაპირველად ე.-დ. პ-ის 9 წევრი იქნა არჩეული. მოგვიანებით წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1918 წ. 26 მაისს, საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს შექმნილ კოალიციურ მთავრობაში შედიოდა ეროვნ.-დემოკრატი გ. ჟურული. ე.-დ. პ. მხარს უჭერდა საქართველოში ადგილ. თვითმმართველობის ორგანოთა ჩამოყალიბებას, მონაწილეობდა საერობო და საქალაქო თვითმმართველობის არჩევნებში და მმართველი ს.-დ. პარტიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. 1919 თებ. საქართველოში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რ-შიც გაიმარჯვეს სოც.-დემოკრატებმა (109 მანდატი 130-იდან). ე.-დ. პ-მ მეორე შედეგი აჩვენა, გაიყვანა 8 დეპუტატი და ოპოზიციაში აღმოჩნდა. იგი აკრიტიკებდა მთავრობის სოციალ. კურსს, ხელისუფლების მერყევ საგარეო პოლიტ. ორიენტაციას, მოითხოვდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას, სახ. გვარდიის გაუქმებას და ერთიანი მტკიცე არმიის შექმნას, აუცილებლად მიიჩნევდა პრეზიდენტის თანამდებობის დაწესებას. ე.-დ. პ-ის საპარლამენტო ფრაქცია (თავ-რე გ. გვაზავა) აქტიურად იყო ჩაბმული საკანონმდებლო საქმიანობაში, მონაწილეობდა კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მომზადებასა და მიღებაში. 1921 იანვარში შედგა საქართვ. არასოციალ. და დემოკრ. პარტიათა გაერთიანებული კონფერენცია. ე.-დ. პ-თან გაერთიანდნენ მისგან გამოყოფილი რადიკალ-დემოკრ. და ეროვნ. პარტიები, აგრეთვე უპარტიოთა კავშირი (კ. აფხაზი, კ. მაყაშვილი და სხვ.) და შეიქმნა საქართვ. დემოკრ. პარტია (გაერთიანებული ეროვნ.-დემოკრ. პარტია). მიიღეს პარტიის ახ. პროგრამა. გაერთიანებული პარტიის თავ-რედ კვლავ ს. კედია აირჩიეს. პარტიის წარმომადგენლობას დამფუძნებელ კრებაში დემოკრ. ფრაქცია უწოდეს. 1921 თებ.-მარტში ბოლშევიკური რუსეთის ჯარებმა დაამხეს საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკა, რ-ის მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. გაერთიანებული ე.-დ. პ-ის მთავარი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების დემოკრ. ფრაქციის დადგენილებით გადაწყდა, რომ პარტიის წევრები არ გაიხიზნებოდნენ, დარჩებოდნენ სამშობლოში. 1921 სექტემბერს შეიქმნა პარტიის არალეგალური ცენტრ. კომიტეტი. რეორგანიზაცია განიცადა მთელმა პარტიამ. წევრთა დიდ ნაწილს დროებით შეუჩერდა პარტიის წევრობა, დარჩენილი ნაწილი კი მტკიცე ცენტრალიზაციისა და მკაცრი დისციპლინის საფუძველზე მუშაობდა. იქმნებოდა მებრძოლი რაზმები. ე.-დ. პ. გახდა საქართვ. ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთო ეროვნ. ცენტრის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. იატაკქვეშა საქმიანობას სათავეში ედგა ს. კედია. მისი დაპატიმრებისა და სამშობლოდან გაძევების შემდგომ 1922 პარტიის თავ-რედ აირჩიეს კ. აფხაზი. მისი დახვრეტის შემდეგ (1923) არალეგალურ მუშაობას მეთაურობდნენ ი. ჯავახიშვილი და შ. ამირეჯიბი. 1922 მაისში გაერთიანებულმა ე.-დ. პ-მ და საქართვ. დამოუკიდებლობის მომხრე სხვა პარტიებმა შექმნეს საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტიტი („დამკომი”, იგივე ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი). დამკომში ე.-დ. პ-ს ი. ჯავახიშვილი წარმოადგენდა. 1923 ოქტომბერში, საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, მოიწვიეს გაერთიანებული ე.-დ. პ-ის სალიკვიდაციო კონფერენცია, რ-მაც პარტია ფორმალურად დაშლილად გამოაცხადა, ფაქტობრივად კი კვლავ განაგრძო იატაკქვეშა მუშაობა. ე.-დ. პ-ის წევრებმა აქტ. მონაწილეობა მიიღეს 1924 აგვისტოს აჯანყებაში. ბევრი მათგანი შეეწირა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, გადარჩენილთა ნაწილი კი შეუერთდა ემიგრაციას, რ-მაც ბინა პარიზში დაიდო. 1925-იდან იქვე დაიწყო ეროვნ.-დემოკრ. გაზეთის „სამშობლოსათვის” (რედაქტორი ს. კედია) გამოცემა. ემიგრაციაში ე.-დ. პ. კიდევ ერთხელ გაითიშა. ს. კედიას და მის თანამოაზრეებს გაზეთ „მამულიშვილის” ირგვლივ დაჯგუფებული რ. გაბაშვილი, შ. ამირეჯიბი, დ. ვაჩნაძე, რ. ინგილო და სხვ. დაუპირისპირდნენ. 1929 ისინი ა. ასათიანთან და ე. პატარიძესთან გაერთიანდნენ და ჟურნ. „სამშობლო” დააფუძნეს. 1929 პარტიას გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა ეროვნ.-დემოკრატთა ჯგუფი გ. გვაზავას ხელმძღვანელობით, რ-საც გაზ. „საქართველო” აერთიანებდა. 1932-იდან ს. კედიას ჯგუფი უშვებდა გაზ. „საქართველოს გუშაგს”. ს. კედიას გარდაცვალების შემდეგ (1948) ე.-დ. პ-ს სათავეში ა. ასათიანი ჩაუდგა. იგი პარტიას სიცოცხლის ბოლომდე (1953-მდე) მეთაურობდა. 1953–75 თავ-რის თანამდებობა დაიკავა ე. პატარიძემ, რ-იც 1949-იდან პარტიის ახლად დაარსებულ ორგანოს – ჟურნ. „ივერიას” უძღვებოდა. მისი გარდაცვალების დღიდან ე.-დ. პ-ის ხელმძღვანელობა მ. ქავთარაძემ ითავა, მასვე დაეკისრა „ივერიის” რედაქტორობაც. წევრთა ხანდაზმულობისა და მცირერიცხოვნობის გამო 80-იანი წლების დამდეგიდან პარტია ინტენსიურად ვეღარ მოქმედებდა. ჟურნ. „ივერია” კი ე.-დ. პ-ის ეგიდით გამოდიოდა 1990-მდე. ო. ჯანელიძე. საქართველოში ე.-დ. პ. 1981 წ. 8 თებერვალს აღადგინა გ. ჭანტურიამ თანამოაზრეებთან (მ. გიორგაძე, ი. ქადაგიშვილი, ა. ანთიძე, გ. ჩახვაძე, ვ. ხუხუნაიშვილი და სხვ.) ერთად. თავმჯდომარედ დასახელდა გ. ჭანტურია. პარტიის პირველი საქმიანობა პროკლამაციებისა და აკრძალული ლიტ-რის გავრცელება გახდა. მის მთავარ იდეას საქართვ. პოლიტ. დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოში სოციალ. რეჟიმის გაუქმება წარმოადგენდა. 1992 ე.-დ. პ-მ ოფიც. რეგისტრაცია გაიარა საქართვ. იუსტიციის სამინისტროში. მისი გერბი არის გრაალის თასი, ოქროსფერი მკაფიო კონტურებით; დროშა – სამფეროვანი: თეთრი, შინდისფერი და შავი თანაბარი ჰორიზონტალური ზოლებით. შინდისფერ ზოლზე გამოსახულია ე.-დ. პ-ის გერბი. პარტიის აღდგენიდან ორი წლის შემდეგ, 1983, ეროვნ.-დემოკრატებმა დაიწყეს ანტისაბჭოური პროკლამაციების გავრცელება საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, სოხუმი). იმავე წელს გ. ჭანტურიას ინიციატივით მოეწყო გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები, რის გამოც იგი დააპატიმრეს. მისი განთავისუფლების შემდეგ (1985) პარტიამ იატაკქვეშეთში განაგრძო პოლიტ. მოღვაწეობა. 1987 ე.-დ. პ. იყო „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1988 მისივე ინიციატივით მოეწყო 22–29 ნოემბრის აქცია, სადაც ე.-დ. პ-მ პირველმა ღიად წამოაყენა მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. 30 ნოემბ. გაიმართა პარტიის პირველი ლეგალური ყრილობა. 1991 წ. 2 სექტ., ხელისუფლების მიერ ე.-დ. პ-ის მიტინგის დარბევის შემდეგ თბილისში და საქართვ. სხვა რეგიონებში დაიწყო საპროტესტო აქციები. 1991 წ. 16 სექტ. გ. ჭანტურია ისევ დააპატიმრეს. 1992 ე.-დ. პ. გაწევრიანდა მსოფლიო ქრისტიან-დემოკრ. ინტერნაციონალში, ხოლო გ. ჭანტურია გახდა ამავე ორგანიზაციის პოლიტ. საბჭოს წევრი. 1993 წ. 9 მაისს, ეროვნ.-დემოკრატებმა აღადგინეს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეროვნ.-დემოკრატი” (აედ), რ-ის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ე.-დ. პ-ის თავმჯდომარის თანაშემწე ბ. ქარდავა. ეს პოსტსაბჭოთა საქართველოში პირველი ახალგაზრდული პოლიტ. ორგანიზაცია იყო. 1992 საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ე.-დ. პ. აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოებრივ პროცესებში და ფლობდა რამდენიმე მინისტრის პოსტს. 1992 საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) შესვლასთან დაკავშირებით პარტიამ პროტესტის ნიშნად დატოვა ყველა პოსტი და ოპოზიციაში გადავიდა. 1994 წ. 3 დეკემბერს, ტერორისტული აქტის შედეგად გ. ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ, პარტიის ლიდერი გახდა ამავე პარტიის წევრი, გ. ჭანტურიას მეუღლე, ი. სარიშვილი-ჭანტურია (2003-მდე). 1996 შიდაპარტიული უთანხმოების გამო, პარტიიდან გავიდა წევრთა ერთი ნაწილი, რ-თაც 1997 ჩამოაყალიბეს სახ. პარტია. ორ ნაწილად გაიყო საპარლამენტო ფრაქციაც. 2005 წ. 23 სექტ. ე.-დ. პ-ის ყრილობამ თავმჯდომარედ აირჩია ბ. ქარდავა. 2008 საპარლამენტო არჩევნებში ე.-დ. პ. გაერთიანდა ბლოკში „მემარჯვენე ალიანსი – თოფაძე, მრეწველები”. აღნიშნულმა ბლოკმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. 2009 ე.-დ. პ. გამოვიდა ქვეყანაში არსებული პოლიტ. სისტემის შეცვლის მოწოდებით, მისი ინიციატივით შეიქმნა სახელმწ. საკონსტიტუციო კომისია. პარტია აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. ორგანიზაციების ეგიდით შექმნილ საარჩევნო კოდექსის რეფორმირების ჯგუფში. ე.-დ. პ-ის პერიოდული ორგანოებია: ჟურნ. „მოამბე” (გამოდის 1987-იდან), გაზ. „ქართული ქრონიკა” (1987–99). პარტიის რეგიონალური ორგანიზაციები ადგილობრივ გამოსცემდნენ ჟურნალ-გაზეთებს. 1987–90 არალეგალურად გამოდიოდა ლიტ. ჟურნ. „ფენიქსი”, ხოლო 1992–95 – ლიტერატურული გაზ. „სიტყვა”. 1990 პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ აღადგინა გაზ. „ახალი ძალა”, რ-ის მხოლოდ 3 ნომერი გამოვიდა.
ზ. ღონღაძე