ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ეროვნული სკრინინგ ცენტრი (ინგლ. Screening – გამოხშირვა, დახარისხება), სტრატეგია, რ-იც პოპულაციის კლინიკურად ასიმპტომურ პირებში პათოლ. პროცესის გამოვლინებისკენ არის მიმართული. ე. ს. ც. პრევენციულ-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა. დაფუძნდა თბილ. მუნიციპალიტეტის მიერ 2008. ე. ს. ც-ის საქმიანობის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით. სკრინინგის პროგრამის სახელმწ. დონეზე დანერგვა პირველად საქართველოში ე. ს. ც-მა დაიწყო. მისი განხორციელების იდეა კი ეკუთვნის საქართვ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს, რ-ის თავმჯდომარეა ს. ე. რულოვსი. მისი პატრონაჟით მიმდინარეობს სკრინინგის პროგრამა საქართველოში. თავდაპირველად პროგრამა ხორციელდებოდა მხოლოდ თბილისში, შემდგომ სკრინინგის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა მთელი საქართველოსთვის. მაღალკვალიფიციური სამედ. მომსახურების უზრუნველსაყოფად სკრინინგის პროგრამაში მონაწილე სამედ. პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება უცხოელი კოლეგების დახმარებით მოხდა. ასევე გაფორმდა ხელშეკრულება სხვადასხვა სამედ. ცენტრთან პროგრამული გამოკვლევების გეოგრაფიის გასაზრდელად. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სკრინინგის სერვისის მიღება შეუძლია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გურჯაანში, ბათუმში, საჩხერეში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში, აბაშაში, სენაკში, ფოთში, ახალქალაქში, გორში, კასპში, თელავში, ლაგოდეხში და სხვ. 2009 ევრ. პარლამენტარების სამიტზე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართ. პროგრამა სამაგალითოდ აღიარეს აღმ. ევრ. ქვეყნებისათვის და დააჯილდოვეს სპეც. პრიზით – „სიბრძნის მარგალიტი”. 2008 ე. ს. ც-ს მიენიჭა „ქართული ხარისხის ნიშანი” და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება შეფასდა როგორც საუკეთესო. ე. ს. ც-ის სკრინინგის პროგრამა მოიცავს უფასო გამოკვლევებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის, ასევე პროსტატის კიბოს რისკის მართვისთვის. სკრინინგის პროგრამა განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით უფასოა საქართველოს მოქალაქეებისათვის. თბილისში ე. ს. ც. სკრინინგის პროგრამას ახორციელებს თბილ. მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით, რეგიონებში კი – დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევებმა იმატა, უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ე. ს. ც-ის დირექტორია ონკოლოგი, სამედ. უნ-ტის პროფესორი რ. ღვამიჩავა.

ი. ბარნაბიშვილი