ეროვნული სტადიონი

ეროვნული სტადიონი ბ. პაიჭაძის სახელობისა, „დინამო არენა”, თბილისის ცენტრალური სტადიონი. მდებარეობს დიდუბის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირს, მუშთაიდის პარკსა და ა. წერეთლის გამზირს შორის. ძვ. სტადიონი იტევდა 23 ათ. მაყურებელს. აშენდა 1933–37 წლებში. 1956 რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონის ტევადობა გაიზარდა 36 ათასამდე [ავტორი, არქიტ. ა. ქურდიანი (უფროსი)]. იმ დროისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ეროვნ. არქიტ. ძეგლი, რ-შიც ზომიერად იყო შეჯერებული მაშინდელი სამშ. ტექნოლოგიები და ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრული ტრადიციები. სტადიონზე იმართებოდა სსრკ უმაღლესი ლიგის მატჩები ფეხბურთში, საერთაშ. მასშტაბის შეხვედრები, მ. შ. მძლეოსნობაში და სხვ. 1976 განხორციელდა დინამოს სტადიონის რეკონსტრუქცია [ავტორები: ა. ქურდიანი (უფროსი), გ. ქურდიანი; კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი] და გაითვალა 75 ათ. მაყურებელზე. ცენტრ. საფეხბურთო მოედნის გარდა, სტადიონის შემადგენლობაში შედიოდა სამი საჭიდაო დარბაზი, 25 მ-იანი საცურაო აუზი, ფეხბურთის სათადარიგო მოედანი, კალათბურთის დარბაზი, ათლეტიზმის დარბაზი, მძლეოსნობის ბილიკები და ტირი. კომპლექსში ერთდროულად 3000-მდე სპორტსმენი ვარჯიშობდა. მოქმედებდა ათლეტიზმის, ცურვის, კარატესა და ჭიდაობის სპორტგამაჯანსაღებელი სექციები. 2006 მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ე. ს-ის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და უეფას მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. უეფას საკმაოდ ვრცელი და მკაცრი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რეკონსტრუქციის შედეგად [ავტორები, არქიტექტორები გ. ქურდიანი, ა. ქურდიანი (უმცროსი)] მოხდა დაზიანებული კვანძებისა და მთელი კონსტრუქ. ელემენტების გაძლიერება-გამაგრება. შედეგად სტადიონი უეფას მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი. უეფას სტანდარტების მიხედვით ეროვნ. სტადიონზე დაშვებულია ევროთასებისა და სანაკრებო საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება, რაც, თავის მხრივ, შეესაბამება ელიტკატეგორიის მოთხოვნებს. სტადიონის დღევანდელი ტევადობა შეადგენს 54630 მაყურებელს. ე. ს. თავდაპირველად ლ. ბერიას სახელობისა იყო, შემდეგ – ვ. ლენინის. 1990-იდან სტადიონი ატარებს ლეგენდარული ქართვ. ფეხბურთელის, ბ. პაიჭაძის სახელს, 2011-იდან მოიხსენიება როგორც მისივე სახელობის დინამოს არენა. აღსანიშნავია, რომ სტადიონის არქიტ.-მხატვრული გადაწყვეტა, ორიგინ. და მკაცრად ლოგიკური კონსტრ. სქემა, სრულ ურთიერთკავშირშია ტექნოლ. პროცესთან. სპორტ. კომპლექსი თავისი პარამეტრებით პასუხობს ყველა საერთაშ. სტანდარტს. სტადიონზე ფუნქციონირებს ფეხბურთის სათადარიგო მოედანი, მსუბუქი ათლეტიზმის სარბენი ბილიკები, აღმოსავლური ორთაბრძოლების, ბოდიბილდინგის და ტირის დარბაზები, რეკონსტრუქციის შედეგად დაგეგმილია სპორტის სხვა მიმართულებების დარბაზების განახლება და მათი სპორტული ფუნქციებით დატვირთვა.